23-02-2024
"აწარმოე საქართველოში" ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, დუბაიში მიმდინარე საკვებისა და სასმელის საერთაშორისო გამოფენა Gulfood-ში, 26 ქართული კომპანია მონაწილეობს.
Gulfood 2024-ზე, ექსპორტზე ორიენტირებული ქართული კომპანიების პროდუქცია წარმოდგენილია ორ თემატურ პავილიონში, რომლებიც ჯამურად 200 კვ.მ. მოიცავს. წელს უპრეცედენტოა, როგორც გამოფენის ვიზიტორების, ისე ქართული პავილიონის სტუმრების რაოდენობაც - საერთაშორისო შემსყიდველები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ქართული პროდუქციის მიმართ.
"საკვებისა და სასმლის მწარმოებელი 26 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი დუბაიში, სექტორის უმსხვილეს გამოფენაზე. შევცვალეთ ქართული პავილიონის დიზაინიც, რომ ის უფრო თანამედროვე ყოფილიყო და მორგებოდა სპარსეთის ყურის ქვეყნების სტილს.
გამოფენის ვიზიტორების რაოდენობა წელს უპრეცედენტოდ მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს აქვთ საშუალება შეხვდნენ საკვებისა და სასმელის სექტორის უმსხვილეს შემსყიდველებს მსოფლიოდან. აქედან გამომდინარე ველოდებით, მნიშვნელოვან შედეგებს, რომელსაც საზოგადოებასთან ერთად შევაჯამებთ" - აღნიშნა "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
გამოფენაზე ქართული კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ პროდუქტებს: გადამუშავებული ხილი და ბოსტნეული, წვენები, თხილი და თხილის პროდუქტები, ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, კაკალი, ნუში, ხორცპროდუქტები, ყველი, ზღვის პროდუქტები, სუნელები, სანელებლები, სამკურნალო მცენარეები, ლიმონათი და სხვა.
Gulfood 2024-ის ფარგლებში, კომპანიებმა გამართეს B2B შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან დაკავშირების და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით.