გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სომხეთში ამომრჩევლების მოსყიდვა კანონით დასჯადი გახდება-დაისჯებიან არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ისინიც, ვინც საკუთარი ხმის გაყიდვას გადაწყვეტს

19-09-2018

სომხეთში უახლოესი არჩევნები 2018 წლის 23 სექტემბერს არის დანიშნული. ერევნის მაცხოვრებლები ერევნის უხუცესთა საბჭოს რიგგარეშე არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლება ქვეყნის კანონმდებლობაში სასწრაფო ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა.
სომხეთში ამომრჩევლების მოსყიდვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. და ზოგიერთ ამომრჩეველს, საკუთარი ხმის სანაცვლოდ, რაიმეს მოთხოვნის ჩვევაც კი გაუჩნდა. ისინი, ვინც მათ გადაბირებას ცდილობს, ქუჩებზე ასფალტს აგებენ, ამომრჩევლებს მაღაზიებში ვალებს უფარავენ, და მათ რაღაც თანხებს უხდიან.
ახალი მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ მოვიდა, წინასაარჩევნო ქრთამების აღმოფხვრის პირობას დებს. სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად მთავრობამ 30 აგვისტოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესუალურ კოდექსებში, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი მიიღო.


კანონპროექტი დასამტკიცებლად სასწრაფოდ გაეგზავნა პარლამენტს. ის უმოკლეს ვადებში მიიღეს, თანაც – ერთხმად.


რა მუხლები შეიცვალა


კანონის თანახმად, წინასაარჩევნო პროპაგანდის პერიოდში, არჩევნების დღეს ან წინა დღეს კანდიდატების, პარტიებისა და ბლოკების მხრიდან ამომრჩევლის ფულით, საკვები პროდუქტებითა და ძვირფასი ნივთებით მოსყიდვისთვის პასუხისმგებლობა ცვლილებების შეტანამდეც გათვალისწინებული იყო; პასუხისმგებლობა იგულისხმებოდა ასევე ამ სიკეთეებისა და სამსახურის გაწევის დაპირებისთვის, მათ შორის – ქველმოქმედების მიზნითაც.
მათთვის, ვინც ადამიანების არჩევანის უფლების გამოხატვას ან არჩევენების ორგანიზაციაში მონაწილეების მხრიდან თავიანთი უფლებამოსილების აღსულებას ხელს უშლიდა, წინათ ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა იყო გათვალისწინებული. საარჩევნო დარღვევებისთვის გამკაცრებული საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემდეგ გათვალისწინებულია ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ან 2,5-3 მილიონი დრამის ($5175 — 6210) ოდენობის ჯარიმა.


არჩევნების ან კენჭისყრის შედეგების გაყალბება
ადრე ითვალისწინებდა თავისუფლების სამი-ხუთი წლით აღკვეთას,
ახლა — ოთხ-რვა წელიწადს.


ამავდროულად კრიმინალიზებულია ამომრჩევლის მხრიდან ქრთამის აღებაც.


სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, არჩევნებსა და რეფერენდუმებზე ხმის მიცემა ფარულად ხდება. ამიტომაც არსებობს შეთავაზება, რომ საკუთარი ბიულეტენის გამომქვეყნებელი ამომრჩევლები დააჯარიმონ. 100-დან 200-მდე მინიმალური ხელფასებიდან ჯარიმა გათვალისწინებულია იმ შემთხვევაში, როდესაც ამომრჩეველს ბიულეტენზე აღნიშვნების გამოქვეყნებას სთხოვენ – ფოტო ან ვიდეოგადაღების სახით, იმ შემთხვევაში, თუკი ის თავის არჩევანს ნებაყოფლობით, მაგრამ ანგარების მიზნით გაასაჯაროებს.


ვინაიდან ქველმოქმედებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ერთმანეთისგან გარჩევა ძნელია. არჩევნების პერიოდში საქველმოქმედო აქციებისთვის გათვალისწინებულია სასჯელი.ქველმოქმედებს ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა ემუქრებათ.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე მსჯელობისას, მთავრობის შეთავაზებით, პარტიის სახელწოდებიანი ან სიმბოლიკიანი, კანდიდატის სახელის ან გვარის წარწერით არა ძვირად ღირებული საქონელი – ქრთამად არ უნდა ჩაითვალოს. მაგრამ პრემიერ-მინისტრი ამ წინადადების წინააღმდეგ გამოვიდა. ის ამტკიცებდა, რომ ჯეროვნად არ არის შეფასებული არჩევნების იმ მონაწილეთა ფანტაზიის გასაქანი, რომლებსაც შეუძლიათ პური და მურაბაც კი საკუთარი გამოსახულებიანი შეფუთვებით დაარიგონ.


რატომ გაჩნდა ეს პროექტი


პროექტი შეიქმნა, რადგან ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა. რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას აპირებს. მოსალოდნელია, რომ არაკეთილსინდისიერი კანდიდატები და პარტიები ამიერიდან ამომრჩევლების მოსყიდვის საშუალებას დაკარგავენ. და მთლიანობაში ადამიანებს არჩევნებისა და მისი შედეგებისადმი ნდობა აღუდგებათ.


პროექტის ავტორები


პროექტი პრემიერ-მინისტრთან არსებულმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების კომისიამ შეიმუშავა. სამუშაოში მონაწილეობდნენ იუსტიციის სამინისტრო, პროკურატურა, საგანგებო საგამოძიებო ჯგუფი, პოლიცია, საგამოძიებო კომიტეტი.


ამომრჩევლების მოსყიდვის მაგალითები წარსულიდან


1995 წლიდან სომხეთში, არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით, ამომრჩევლების მოსყიდვის პროცესი დაიწყო. 2012 წლიდან კი ამომრჩევლის მოსყიდვა არჩევნების განუყოფელ ნაწილად იქცა.


არჩევნებიდან არჩევნებამდე მოსყიდვის ახალ-ახალი მექანიზმები ჩნდებოდა, და არჩევნებში გამარჯვების მსურველთა მიერ სულ უფრო იხვეწებოდა. ხოლო ქრთამების ამღებებმა თავიანთი მომსახურების მინიმალური ფასი 5 ათასი დრამიდან ათ ათასამდე ($10-20) გაზარდეს.


წინასაარჩევნო კამპანიის დროს 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბიზნესმენი და პოლიტიკური მოღვაწე გაგიკ ცარუკიანი აქტიურად იყო დაკავებული ქველმოქმედებით. ის ადამიანებს ოპერაციებისა და ბინების გაზიფიკაციის თანხებს უხდიდა; პირდებოდა, რომ მისი ქარხანა მაღალ ფასად შეისყიდიდა ფერმერებისგან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. მაშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ის გააფრთხილა, რომ კანონს არღვევდა.


იმავე პერიოდში ბევრი კანდიდატის ოფისი გზების მოასფალტებით იყო დაკავებული. მაგალითად, არაკელ მოვსისიანმა სოფელ ცახკალანჯში უშუალოდ ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ტელეფონით დარეკა, და მოასფალტებისთვის ბრიგადა გამოიძახა.


საუბარი იყო უკანონო მშენებლობების ლეგალიზაციასა და ანტენების დარიგებაზეც კი. ადამიანებს საკვებ პროდუქტებს ურიგებდნენ: ფქვილს, შაქრის ფხვნილს, კვერცხს. ერთ-ერთმა ცნობილმა მეწარმემ 40-40 ათასი დრამი ($82) დაურიგა ერევნის ერთ-ერთი ადმინისტრაციული რაიონის მასწავლებლებს.


სხვათა შორის, 2017 წელს ერევნის უხუცესთა საბჭოს არჩევნების დროს, დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი, რომელიც ბლოკი „ელკიდან“ მერის თანამდებობაზე იყრიდა კენჭს, მათ, ვინც წინასაარჩევნოდ ქრთამებს არ იღებდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 ათასი დრამის ($31) გადახდას ჰპირდებოდა. ეს წინადადება ასევე ქრთამად შეაფასეს და უარყვეს.


არჩევნების დასრულების შედეგ იყო შემთხვევები, როდესაც დამარცხებული კანიდატები ამომრჩევლებისთვის გაცემული თანხების უკან დაბრუნებას ცდილობდნენ. მაგალითად, შირაქის ოლქის ჯაჯურის თემში , ქალაქ გიუმრის ანის უბანში, სოფელ ბასენში.


დაუსჯელობა


ამომრჩევლების მოსყიდვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი – დაუსჯელობაა. ჩვეულებრივ, მოსყიდვის შემთხვევები არ ხმაურდება, რადგან შეთქმულთა ინტერესები – ქრთამის მიმცემებისაც და ამღებებისაც – ერთმანეთს ემთხვევა.
მიუხედავად ამისა, ისეც მომხდარა, რომ სისხლის სამართლის საქმეები აღძრულა.
2013 წლის 27 თებერვალს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ტავუშის ოლქის, ვარაგავანის თემის მეთაურის მიერ ქრთამების გაცემის გამო. მან სოფლის მაცხოვრებელს ქრთამის სახით 5000 დრამი მისცა. 2016 წლის ოქტომბერში ბრალდება წუყენეს კუტკანის თემის მეთაურს მიკაელ ხაჩატრიანს. აქ ქრთამის თანხა 20 000 დრამზე ($41) მეტი იყო – ორივე მათგანი დაუსჯელი დარჩა. 2012 წლის ექვს მაისს მუზეუმ „მგერ მკრტიჩიანის“ დირექტორი შოგიკ მელოკონიანი ქრთამებს არიგებდა. მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ციხეში მხოლოდ ერთ თვეს დარჩა.
ახალი ხელისუფლება დამნაშავეებს ძველი თარიღებით მოძებნასაც კი ცდილობს. 2018 წლის 16 ივლისს პოლიციამ განაცხადა, რომ მალიშკას თემის მეთაურმა მგერ მოვსისიანმა პირადად დეპუტატობის კანდიდატის აშოტ არსენიანისგან 13 მილიონი დრამი მიიღო. მას ამ თანხის სანაცვლოდ, 1300 ხმა უნდა უზრუნველეყო. 24 ივლისს დააპატიმრეს ეგინე პოგრარიანი, რომელიც უხუცესთა საბჭოს არჩევნებში, ყოფილი მერის ტარონ მარგარიანის სასარგებლოდ ხმის მიცემის სანაცვლოდ, ადამინებს ქრთამის მიცემას ჰპირდებოდა.


ახალი ხელისუფლების მიდგომა


ახალი ხელისუფლება გადაჭრით აპირებს, რომ ამომრჩევლების წინასაარჩევნოდ მოსყიდვა აღმოფხვრას.


„ყველა სასამართლოში უნდა წავიდეს… ადამიანები, რომლებიც არჩევნებს ფულით მოისყიდიან, პოლიტიკიდან საერთოდ უნდა გაიდევნონ, რადგან თუკი ვინმეს ერთი კილოგრამი ბრიჯისთვის ირჩევთ, მას თქვენი გაძარცვის უფლებასაც აძლევთ“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა 2018 წლის 10 აგვისტოს ტავუშის ოლქის მაცხოვრებლებთან შეხვედრისას.


ახლა სომხეთში ბევრი იმედოვნებს, რომ არჩევნები ქრთამების გარეშე ჩაივლის.


ამომრჩეველთა მოსყიდვის საერთაშორისო გამოცდილება


მატერიალური კეთილდღეობის მისაღებად არამხოლოდ სომეხი ამომრჩეველი აძლევს ხმას. ამომრჩევლის მოსყიდვა გარკვეულწილად სხვადასხვა ქვეყანაშიც გვხვდება. ამის შესახებ მედიაში არსებული პუბლიკაციები მოწმობს.


2017 წლის რვა თებერვალს Reuters წერდა, რომ კოლუმბიის პრეზიდენტ მანუელ სანტოსს 2014 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს 1 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის დარიგება ედება ბრალად.


2016წლის სექტემბერში „ინტერფაქსი“ იმის შესახებ წერდა, რომ რუსი ამომრჩევლების ხმები სამ ლიტრ ლუდად იყიდეს. იმავე არჩევნებზე ასტრახანში საოქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საჩივარი მიიღო ძეხვისა და 500 რუბლის სახით ქრთამების დარიგების შესახებ.


2017 წლის 26 მარტს პოლიციამ 15 ევროს ოდენობის ქრთამების გაცემისთვის პოლონეთის სოფელ კუშოვიცას საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე დააპატიმრა.


2016 წლსი 18 მარტს ბუქარესტის სასამართლომ რუმინელ დეპუტატ ფლორინ პოპესკუს, 2012 წელს ამომრჩევლებისთვის 60 ტონა შემწვარი ქათმის ხორცის დარიგების გამო, ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა.


2014 წლის 19 თებერვალს პარიზში დაიჭირეს მილიარდერი სენატორი სერჟ დასოი, რომელიც კორბეი-ესონის მერის არჩევნებზე ამომრჩევლებს საკვები პროდუქტებისა და სამოცდაათი ევროს სახით ქრთამებს ურიგებდა.


2012 წლის 7 ნოემბერს ამერიკული პრესა წერდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას მომხრეებმა შტატ ოჰაიოში ერთ-ერთ ამომრჩეველს სენდვიჩი და კოლა აჩუქეს, მეორეს – ერთი ბოთლი ვისკი.


ლათინური ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანაში – ჰონდურასში კი – მმართველი „ეროვნული პარტიის“ კანდიდატი მკვლელობებით სახელგანთქმულ დედაქალაქში ღარიბ ოჯახებს ქრთამის სახით კუბოებს ურიგებდა.





jam-news.net

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930