გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
შემოსავლების სამსახურმა შესაძლოა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სია შექმნას

20-09-2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონის“ პროექტი მოამზადა, რომელიც აღნიშნული სექტორისთვის რეგულაციებს ითვალისწინებს.


დარგისთვის ერთ-ერთი სიახლე, რაც კანონპროექტში წერია, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირების სიის შექმნას ეხება, რომლის ადმინისტრირება შემოსავლების სამსახურმა უნდა განახორციელოს.


კანონპროექტის მიხედვით, ამ სიაში მოქალაქე ორ შემთხვევაში შეიძლება, აღმოჩნდეს - საკუთარი მიმართვის საფუძველზე, ან სასამართლოს ბრძანებით.


დოკუმენტში დამოკიდებული პირის შესახებ ასეთი განმარტებაა: „ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე ან/და რომელიც შეტანილია ამ პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დამოკიდებულ პირთა სიაში მიუხედავად მისი შედეგისა“.


გარდა იმისა, რომ სათამაშო ბიზნესის ასოციაცია ამ დეფინიციით დისკრიმინაციული მიდგომების საფრთხეს ხედავს, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ კანონმა უფრო ნათლად უნდა განმარტოს, ვინ მოიაზრება აზარტული თამაშის დაუძლეველი სურვილის მქონეთა ჯგუფში.


„დამოკიდებული პირის განმარტება არის ბუნდოვანი - ვინ არის ეს დამოკიდებული პირი, ამაზე მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ კონკრეტულად მოხდეს ამ ტერმინის დეფინიციის განსაზღვრა. ასევე, კომპანიების უმრავლესობა მიესალმება იმ ინიციტივას, რომ მოხდეს თუნდაც ერთიანი ბაზის შექმნა გარკვეული პირობებით, რომელიც აუცილებლად სექტორთან კომუნიკაციის შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს. ჩვენს ბაზარზე არსებულ ოპერატორებს დღესაც აქვთ მსგავსი პრაქტიკა, რაც გულისხმობს იმას, რომ მომხმარებლების მხრიდან შესაბამისი შეტყობინების შემდეგ, თუ მათ სურთ თამაშიდან გამორიცხვა, ხდება მათი შეზღუდვა გარკვეული პერიოდით და ეს დღესაც მოქმედებს. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია მსგავსი პრაქტიკა კიდევ უფრო დავხვეწოთ, დავამტოთ ის მოთხოვნები, რაც სახელმწიფოს აქვს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი პრაქტიკა საზღვარგარეთ მოქმედ სხვა ოპერატორებსაც აქვთ და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული, ე.წ შავი სია საზღვარგარეთ არ არსებობს“, - განმარტა BM.GE-სთან საუბრისას სათამაშო ბიზნესის ასოციაციის გამგეობის წევრმა გიორგი ქათამაძემ.


ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ ჯგუფს კანონპროექტზე მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია, ამიტომ უცნობია, საბოლოოდ, როდის და რა სახით გადაეგზავნება ახალი რეგულაციები პარლამენტს დასამტკიცებლად.




commersant.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930