გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ემოციურ პოლემიკაში არ ჩავერთვებით, ვიდრე კონსულტაციები არ გაგრძელდება და ერთობლივ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ

20-09-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანაფის კულტივაციის კანონპროექტის შეჩერების გადაწყვეტილება საზოგადოებაში გამოწვეული ვნებათაღელვის გამო იქნა მიღებული.


აღნიშნული განცხადება მან კანაფის კულტივაციასთან და გადამუშავებასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ გააკეთა.

 

„ჩვენ მივიღეთ ამ კანონპროექტის განხილვის შეჩერების გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში, გამომდინარე იმ ვნებათაღელვიდან, რომელიც გამოიწვია ამ საკითხმა საზოგადოებაში. ეს ვნებათაღელვა იყო, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება მცენარეს, რომელიც სხვა მოხმარებისთვისაც არის განკუთვნილი, ნარკოტიკული თრობისთვის შეიძლება იყოს განკუთვნილი, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გასაგებია, საზოგადოების ემოციური დამოკიდებულება. ჩვენ გვქონდა მიზანი, რომ სამეწარმეო მიზნებისთვის გამოგვეყენებინა ეს მცენარე და ეს არის ასახული კანონპროექტში, რომელიც არის წარმოდგენილი, თუმცა, თუ არსებობს საზოგადოებაში კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კანონპროექტმა, შეიძლება, წაახალისოს არალეგალური გზით ნარკოტიკების მიმოქცევა არაპირდაპირი ფორმით, ამ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის და თუ ამაში ყველა ერთად დავრწმუნდებით, ამ შემთხვევაში, მოხდება კანონპროექტის გამოწვევა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული გულისხმიერებით მოეკიდოს პატრიარქის პოზიციას. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან გაგრძელდება და მათში ეკლესიის წარმომადგენლებიც იქნებიან ჩართულნი.

 

„ჩვენთვის მთავარია ის, რომ ვუსმენთ საზოგადოებას, ვუსმენთ ეკლესიას და განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხატავთ ეკლესიის მიმართ. მე მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო პატრიარქის მიმართ, მისი განცხადების და ზოგადად, მისი დამოკიდებულებისთვის, რომელიც გამომჟღავნდა მის ბოლო განცხადებაში, მათ შორის. ის ყოველთვის იღებდა ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც იყო ქვეყნის ინტერესებში, საზოგადოების ინტერესებში და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული გულისხმიერებით  მოვეკიდოთ პატრიარქის პოზიციას და პატრიარქის ნებისმიერ განცხადებას. მე მინდა, მოვუწოდო საზოგადოებას, ვთხოვო საზოგადოებას, რომ თავი შეიკავონ ამ საკითხზე, კანაფის მცენარის კანონპროექტის საკითხზე, ემოციური პოლემიკის გაგრძელებისგან. ეს არის ჩვენი თხოვნა და ჩვენი სახელით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენ ამ ემოციურ პოლემიკაში არ ჩავერთვებით, ვიდრე არ გაგრძელდება კონსულტაციები და ვიდრე ამ კონსულტაციების საფუძველზე, არ მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას.

 

კონსულტაციები გაგრძელდება საზოგადოების წარმომადგენლებთან, არის სხვადასხვა დაინტერესებული მხარე და ყველასთან გვექნება ჩვენ კონსულტაციები, ფართოდ გაიშლება ეს კონსულტაციები და რა თქმა უნდა, ამ კონსულტაციებში ჩართული იქნებიან ეკლესიის წარმომადგენლებიც, რომელთა ინტერესი, განსაკუთრებული ინტერესი, არის აბსოლუტურად გასაგები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ჟურნალისტებთან საუბრისას, მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ნარკოტიკების მოყვანას, წარმოებას და ექსპორტს არ ითვალისწინებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამწუხაროდ, აღნიშნულთან დაკავშირებით, საზოგადოებას ინფორმაცია სხვაგვარად მიეწოდებოდა. მისივე განცხადებით, ერთობლივი მსჯელობა უნდა გაიმართოს, თუ რამდენად არსებობს არაპირდაპირი გზით ნარკოტიკების არალეგალურ მიმოქცევასთან დაკავშირებული საფრთხეები.

 

„პირველ რიგში, ჩვენ გვინდა, განვუმარტოთ საზოგადოებას და ასევე, ეკლესიას, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკების არც მოყვანას, არც წარმოებას, არც ექსპორტს. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელსაც ხაზი უნდა გაესვას. სამწუხაროდ, სხვანაირად მიეწოდებოდა ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებას ინფორმაცია. ეს არის პირველი და მეორე-ერთად უნდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არსებობს საფრთხეები არაპირდაპირი გზით ნარკოტიკების არალეგალურ მიმოქცევასთან დაკავშირებით. ამაზე გვექნება ერთობლივი მსჯელობა და ერთად უნდა დავრწმუნდეთ ჭეშმარიტებაში. ეს არის ჩვენი საბოლოო ამოცანა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი არცერთ შემთხვევაში არ იფიქრებს ეკონომიკურ სარგებელზე, თუ ეს საზოგადოებას ზიანს მიაყენებს.

 

„რაც შეეხება სარგებელს, რომელიც ამ კანონპროექტმა უნდა მოუტანოს საზოგადოებას, ამაზეც ერთად უნდა ვიმსჯელოთ, წარმოვადგენთ, რა თქმა უნდა, ჩვენს მონაცემებს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ არცერთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ არ ვიფიქრებთ ეკონომიკურ სარგებელზე საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების ხარჯზე. თუ დავინახავთ, რომ კანონპროექტს მოაქვს ზიანი ან შეიცავს ასეთ საფრთხეს საზოგადოებისთვის, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ ეკონომიკა გვერდით უნდა გადავდოთ. საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია, რომ დავადგინოთ ერთი, რომ ზიანს არ იწვევს ეს კანონპროექტი, და მეორე - დავადგინოთ, რომ სარგებელიც აქვს ხელშესახები ამ კანონპროექტს. თუ ამაზე ყველა ერთად შევჯერდებით, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მსჯელობის გაგრძელება და ამ კანონპროექტზე ფიქრი. თუ ამაზე ვერ შევჯერდებით, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია და განხილვის გაგრძელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება ფართო კონსულტაციების შემდეგ იქნება მიღებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930