1-03-2024
ჩვენ ვთვლით, რომ ეს [ფსევდოლიბერალური პროპაგანდა] ჩვენთვის მიუღებელია, ეს ხომ არ არის რომ ვიღაცას ვჩაგრავთ. მიუღებელი რაც არის, თუ მე ამაზე პროტესტი არ მექნება, მაშინ რას ნიშნავს თავისუფლება, კრიტიკული აზროვნება, განვითარებულობა და ა.შ. ამაზე არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენი არგუმენტებით მსჯელობა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ მმართველი გუნდის მიერ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი მავნე შედეგებისგან დაცვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ყაველაშვილის თქმით, ეს თემა სენსიტიურია და სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს. მანვე აღნიშნა, ბოლო წლებში იმდენად გაზრდილია ლგბტ თემის წარმომადგენელთა რაოდენობა, რომ საჭიროა მსჯელობა, თუ რა იწვევს ამას.
„ამბობენ საქართველოში ეს როგორ შეიძლება მოხდეს, თუ გვინდა რომ ამ სამყაროს ნაწილი ვიყოთ ვერ ვიქნებით გარიყული და ამ სამყაროში თუ ეს მიმართულებები არსებობს ჩვენ ჩვენი პრინციპები, შეხედულებები უნდა დავიცვათ და ის კი არა რომ ჩვენ ჩამორჩენილები ვართ და ამას ვერ ვიგებთ, ჩვენ ჩვენი არგუმენტებით უნდა დავუპირისპირდეთ. ამიტომ ვხსნით ჩვენ მსჯელობას, თუმცა გარკვეულ ძალებს უნდათ აქცენტის გაკეთება, როგორც „გამჭვირვალობის შესახებ კანონზე“ იყო, აქაც უნდათ, რომ რუსული იარლიყი მიაკერონ ამ მიმართულებას“, - აცხადებს ყაველაშვილი.
მისივე თქმით, გარკვეულმა ძალებმა ფსევდოლიბერალური პროპაგანდა იდეოლოგიურად და პოლიტიკურად გამოსაყენებელ თემად აქცია, რასაც ადამიანის დაცვასთან საერთო არ აქვს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ყველას უფლება უნდა იყოს დაცული და აღნიშნა რომ საქართველოში „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ მოქმედებს.
„არსებობენ ძალები ვინც ეს საკითხი იდეოლოგიურად და პოლიტიკურად გამოსაყენებელი თემა გახადა და ამიტომ არის სწორედ, რომ ამ მიმართულებას მიეცა ასე ვთქვათ პროპაგანდის სახე, ეს არ კეთდება ამ ადამიანების დაცვისთვის. რა თქმა უნდა დაცულობა და უფლება გარანტირებული უნდა იყოს სახელმწიფოში, ეს გარდაუვალია, ეს ორჯერ ორი ოთხია, შენ თუ ჯანსაღად აზროვნებ ადამიანი და საზოგადოება ხარ უნდა გქონდეს სურვილი, რომ ნებისმიერი ადამიანის უფლება დაცული იყოს. ჩვენმა სახელმწიფომ ამასთან დაკავშირებით კანონმდებლობაც მიიღო „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.