6-03-2024
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2024 წლის საერთაშორისო კონფერენცია გახსნა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საუბრისას განათლების ყველა საფეხურზე ხარისხისგაუმჯობესებისკუთხით არსებულ მიღწევებსა და გადასადგმელ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები უმაღლესი, პროფესიული, ზოგადი და ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების მნიშვნელოვან საკითხებს – ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს განიხილავენ.
კონფერენციის პირველ დღეს,მონაწილეებმა იმსჯელეს უმაღლესი განათლების აქტუალურ საკითხებზე. მეორე დღე ეთმობა ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით არსებული შედეგების განხილვას, ხოლო კონფერენციის ბოლო დღეს მონაწილეების ჩართულობით პროფესიული და ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურებზე ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის შესახებ დისკუსიები გაიმართა.
კონფერენციაზე ასევე განიხილება 2023 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი ინიციატივები, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2024 წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი აქტივობები, საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის პირველი და მეორე ციკლის შედეგების ანალიზი, დარგობრივი მახასიათებლების შემუშავებისა და განვითარების მნიშვნელოვანი საკითხები, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისა და ადგილობრივი კვალიფიკაციების ნამდვილობის განსაზღვრის სპეციფიკა.
კონფერენციის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე წულაძემ, მინისტრის მოადგილეებმა ნოდარ პაპუკაშვილმა, თამარ მახარაშვილმა და გელა გელაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლების, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების, ასევე პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრები, აკრედიტაციის, ავტორიზაციისა და სააპელაციო საბჭოების წევრები და ექსპერტები, სტუდენტები, დამსაქმებლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.