6-03-2024
„ევროპისკენ ქართულ საზოგადოებასთან ერთად მივდივართ და ჩვენმა პარტნიორებმაც და ყოფილი პრეზიდენტის პირადმა მეგობრებმაც ანგარიში უნდა გაუწიონ ამ საზოგადოების შეხედულებებს," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე და ამით ეხმიანება პაველ ჰერჩინსკის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას პოზიცია ევროკავშირის ლიდერების პოზიციისგან განსხვავებულია.
ხუნდაძის თქმით, საქართველოს აქვს სახელმწიფოებრივი ურთიერთობები ევროკავშირთან. სააკაშვილი კი, ინდივიდუალურ ურთიერთობებზე და ლობისტებზე დაყრდნობით მართავდა ქვეყანას.
„დღეს, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ფოტიგას პოზიცია სააკაშვილის შეწყალებაზე სხვაა, როგორც რიგითი ევროპარლამენტარის და მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ხოლო ევროკავშირის ლიდერების პოზიცია სხვაა და ეს ყველასათვის ცნობილია.
მივესალმებით ასეთ დაკონკრეტებას. ჩვენც ყოველთვის ამას ვაცხადებთ, რომ ევროკავშირი არ არის ერთი რიგითი ევროპარლამენტარის პოზიცია.
ევროპა ბევრად უფრო დიდი ღირებულებებია, ვიდრე სააკაშვილის ლობისტების მოსაზრებები. საქართველოს აქვს სახელმწიფოებრივი ურთიერთობები ევროკავშირთან. სააკაშვილი კი, ინდივიდუალურ ურთიერთობებზე და ლობისტებზე დაყრდნობით მართავდა ქვეყნის მომავალს.
კარგი იქნება, ყოველთვის, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის პირადი მეგობრები და ლობისტები გააკეთებენ ფოტიგასნაირ განცხადებებს, მოჰყვეს ახსნა ევროპიდან, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია, თორემ ქართველი ხალხისთვის მთლიანად ევროპა ხდება სალანძღავი, რაც ჩვენ არ გვსურს.
ევროპისკენ ქართულ საზოგადოებასთან ერთად მივდივართ და ჩვენმა პარტნიორებმაც და ყოფილი პრეზიდენტის პირადმა მეგობრებმაც ანგარიში უნდა გაუწიონ ამ საზოგადოების შეხედულებებს. ქართველი ხალხისთვის მიხეილ სააკაშვილი არის სისხლიანი რეჟიმის მეთაური. ის სამართლიანად იხდის სასჯელს და ამის აღიარება პარტნიორების მხრიდან, სწორედ ჩვენი მართლმსაჯულების და ჩვენი ხალხის დაფასებაა," - წერს დიმიტრი ხუნდაძე.