გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი სტრასბურგის სასამართლოში გამტყუნდა

21-09-2018

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - „ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ“ - გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევა დაადგინა.


საქმე ეხებოდა 2005 წელს მომჩივან - მარიამ ჯიშკარიანის მიერ ცილისწამების შესახებ სამართალწარმოების დაწყებას იმჟამინდელი იუსტიციის მინისტრის კონსტანტინე კემულარიას წინააღმდეგ. მინისტრი მას ტელევიზიითა და ბეჭდური მედიის საშუალებით ადანაშაულებდა თანხის სანაცვლოდ პატიმრებისთვის სამედიცინო დასკვნების შედგენაში.


ევროპული სასამართლო არ დაეთანხმა ცილისწამების საქმესთან დაკავშირებით ეროვნული სასამართლოების შეფასებას, რომ იუსტიციის მინისტრი კონსტანტინე კემულარია გამოთქვამდა საკუთარ მოსაზრებას, ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) შესაბამისად.


კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროპული კონვენცია არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ პირს დაევალოს დანაშაულებრივი ქცევის შესახებ მძიმე ბრალდებების თმენა თანამდებობის პირის მხრიდან, ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე.


ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს მინისტრის გამოხატვის თავისუფლებასა და მომჩივნის რეპუტაციის დაცვის უფლებას შორის სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა.


სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა მომჩივნის სასარგებლოდ 1 500 ევროს გადახდა - მორალური ზიანის ანაზღაურების სახით და 1 833 ევროს გადახდა ხარჯების ანაზღაურების სახით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930