11-03-2024
თუკი ჩვენ რაიმე ეროვნულ თავმოყვარეობაზე უნდა ვილაპარაკოთ, ეს არის სწორი პოზიცია, რომ ჩვენს მეგობრებს გავუბედოთ და მეტიც, პირდაპირ, ღიად ვუთხრათ, რომ საქართველოში არაფერი აზიანებს დასავლურ, ევროპულ განწყობებს ისე, როგორც კრიმინალების თავისუფალი გადაადგილება ევროპის ქვეყნებში და არა მხოლოდ გადაადგილება - ფაქტები, როდესაც ისინი ხვდებიან უმაღლესი თანამდებობის პირებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მსჯავრდადებული და ბრალდებული ზურაბ ადეიშვილის ევროპაში განხორციელებული ვიზიტების შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ერთი პრობლემაა ადეიშვილის რეფორმატორის სტატუსით ვიზიტი მაღალი რანგის პირებთან, მეორე პრობლემაა ამ საკითხზე ევროპელი კოლეგების რეაქცია, რომლებმაც გავრცელებულ ვიდეო და ფოტომასალაზე განაცხადეს, რომ მცდარი ინფორმაცია ვრცელდებოდა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მსგავსი ფაქტები დამაზიანებელია საზოგადოებაში არსებული განწყობებისთვის.
„როდესაც წამებაში, რეკეტში ბრალდებული და მსჯავრდადებული ადამიანი ხვდება რეფორმატორის სტატუსით უმაღლესი თანამდებობის პირებს, ეს არის უფრო დამაზიანებელი, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ, რაც კი შეიძლება მოიფიქრო სპეკულაციურად თუ მის გარეშე ანტი ევროპულობასთან დაკავშირებით. როდესაც თავად ფაქტს ვხედავთ - ფოტოებს, ვიდეოკადრებს, რომ ადეიშვილი ასეთი მაღალი სტატუსის და რანგის ადამიანებს ხვდება და რეფორმებზე ელაპარაკება, ეს ერთი პრობლემაა და განწყობებს ძალიან აზიანებს. მეორე პრობლემაა რეაქცია ამ საკითხზე - პირიქით შემოგვიბრუნდნენ და ჩვენ გვითხრეს, რომ ეს იყო დეზინფორმაცია და "ფეიკს" ვავრცელებდით. რეაქცია კიდევ უფრო ამძიმებს ამ მომენტს. როდესაც გვეუბნებიან, რომ თითქოს ან მოგვეჩვენა ადეიშვილი, ან არ ლაპარაკობდა რეფორმებზე, ან დამსწრის სტატუსით იყო - აქ არ არის მხოლოდ დამსწრის ლოჟაში შეხვედრაზე საუბარი - საუბარია ბევრ სხვა შეხვედრაზე, სადაც ის როგორც რეფორმატორი იყო წარმოდგენილი, სადაც ის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ოფიციალურად იყო დარეგისტრირებული, დაფიქსირებული პირი.
აქედან გამომდინარე, სანამ ვინმე ჩვენი მეგობარი იქნება, კოლეგა თუ პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი, გვეტყვის, რომ აქ "ფეიკები" ვრცელდება და სანამ 9 ნაბიჯზე მიგვითითებენ, სადაც მართლაც არის დათქმა დეზინფორმაციასთან დაკავშირებით ევროკავშირთან მიმართებით განსაკუთრებით, ყველამ უნდა გაითვალისწინოს და გაითავისოს, რომ დეზინფორმაცია ევროპაზე დარტყმა, ევროპულობაზე დარტყმა უფრო მეტი არ შეიძლება იყოს, ვიდრე მწამებელი და რეკეტიორი ადეიშვილის ევროპაში თავისუფლად გადაადგილება და უმაღლესი თანამდებობის პირებთან კომუნიკაცია ოფიციალური სტატუსით“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.