გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი სრულად იქნება გაზიფიცირებული

12-03-2024

მთავრობის განკარგულებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ქვეყნის გაზიფიცირების პროგრამას განაგრძობს. ამჟამად სამშენებლო სამუშაოები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 16 დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს.


ჯამურად აშენდება 197 988 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც 2,778 აბონენტს მისცემს ბუნებრივი გაზით სარგებლობის შესაძლებლობას. სამუშაოების დასრულების შემდეგ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი სრულად იქნება გაზიფიცირებული.


სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსის ჯუბო ტურაშვილის განცხადებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, ჩაერთოს ერთიან გაზგამანაწილებელ ქსელში და გათბობისა და თუ სხვა დანიშნულების მიხედვით მოიხმაროს ბუნებრივი აირი. „ჩვენ მოველით, რომ გაზიფიცირება, როგორც ლანჩხუთში, ისე მთლიანად გურიის მხარეში ხელს შეუწყობს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, როგორც ეს საქართველოს სხვა რეგიონების გამოცდილებამ დაგვანახა. აღსანიშნავია, რომ გურიის მცხოვრებლებს ბუნებრივი აირი საბჭოთა კავშირის დროსაც არ მიეწოდებოდათ, 2025 წლის ბოლოს კი მხარის 98 პროცენტზე მეტი იქნება გაზიფიცირებული," - განაცხადა ჯუბო ტურაშვილმა.


სამუშაოებს ახორციელებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე სამუშაოებს კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსი კახა დვალი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად გაეცნო. აღნიშნა, რომ გურიის მხარეში, გაზიფიცირების სამუშაოები ასევე მიმდინარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 6 დასახლებულ პუნქტში და რომლის დასრულების შემდეგ, დამატებით, 545 აბონენტი შეძლებს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში ჩართვას. სულ, 2024 წელს, გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, ოზურგეთსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, უკვე დასრულდა 7 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები და მიმდინარეობს სადისტრიბუციო კომპანიაზე გადაცემის პროცედურები. ამასთან, 2025 წლის ბოლომდე გურიის 29 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები მოსახლეობა ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში ჩართვას შეძლებს. აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში ჩართვის საშუალება 128 დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ 36300-ზე მეტ ოჯახს მიეცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930