12-03-2024
მსჯავრდებული ჭაკუა, რომელიც ერთ-ერთ საქმეზე იყო ძებნილი, ევროკავშირის სახელმწიფომ (გერმანია) გადმოგვცა. იგივე ბრალდება აქვს წარდგენილი ზურაბ ადეიშვილს. ფაქტია, რომ იგივე საქმეზე ძებნაში მყოფი ადამიანი ერთხელ მოგვცეს, მეორედ არ გვაძლევენ - ხომ არის ეს შერჩევითი ექსტრადიცია - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
ბექა დავითულიანის თქმით, ამას ალბათ აქვს თავისი წინაპირობები და ამას შერჩევითი და პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით აკეთებენ.
„ეს საკითხი ორად უნდა გაიყოს. ერთი საკითხია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობა ექსტრადირების ნაწილში და მეორე საკითხია უკრაინასთან ურთიერთობა - ეს თავისი შინაარსით არის ორი აბსოლუტურად განსხვავებული.
ევროკავშირის ნაწილში კონკრეტულად ადეიშვილთან მიმართებით საინტერესოა ის, რომ მსჯავრდებული ჭაკუა, რომელიც ერთერთ საქმეზე იყო ძებნილი და იყო ევროკავშირში, ევროკავშირის სახელმწიფომ გადმოგვცა. იგივე ბრალდება (ერთ-ერთი) აქვს წარდგენილი ზურაბ ადეიშვილს და ის არ გადმოიცა. რატომ ხდება ეს, ხომ არის ეს შერჩევითი ექსტრადიცია და არა შერჩევითი სამართალი. ფაქტია, რომ იგივე საქმეზე ძებნაში მყოფი ადამიანი ერთხელ მოგვცეს, მეორედ არ გვაძლევენ. ამას ალბათ აქვს თავისი წინაპირობები და რა თქმა უნდა, ამას შერჩევითი და პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით აკეთებენ“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
მისი თქმით, ჩვენ ვიცით, რომ არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, დავით ახალაიამ მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი გარკვეულ ქვეყნებში, ასეთი ხდებოდა კეზერაშვილთან მიმართებით, ადეიშვილთან, მიხეილ სააკაშვილთან და ა.შ.
„როდესაც პოლიტიკურ ფიგურაზეა საუბარი ისინი ყოველთვის თავს იკავებენ და გარკვეული პოლიტიკური ნიშნით გადაწონიან ხოლმე სამართლებრივ საკითხებს. ეს რა თქმა უნდა, არ არის სწორი, ეწინააღმდეგება სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს და სამართლებრივად ეს არ შიძლება ასე ხდებოდეს, მაგრამ ფაქტია, ასეა. ამიტომ, ყოველ ჯერზე, როდესაც მაგალითად საქართველოს პროკურატურა დაინახავს სადმე აქტივობას, რომ ალბათ საზღვარი გადაკვეთა ძებნილმა პირმა, ის მიმართავს შესაბამის სახელმწიფოებს. ადეიშვილთან მიმართებითაც ალბათ რამდენიმე ათეული მიმართვაა ექსტრადიციაზე სხვადასხვა ქვეყანაში. ადრე თუ გვიან ამ ადამიანებს მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება და კანონის წინაშე წარდგომა. ასე იყო სააკაშვილიც, ასე იყვნენ სხვა ძებნილი პირებიც, მაგრამ ბოლოს ისინი მაინც წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.