14-03-2024
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მან კაპიტალის ბაზრის რეფორმაზე და საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ ისაუბრა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კაპიტალის ბაზრის სასესხო კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზარი 2023 წელს გაორმაგდა და 2 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც იმ თანმიმდევრული პოლიტიკის და ბაზართან მუშაობის შედეგია. ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით სამინისტრო და სხვა ჩართული უწყებები ბოლო 5 წლის მანძილზე აქტიურად საქმიანობდნენ. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ აქამდე სამინისტროსთვის კაპიტალის ბაზრის განვითარების დღის წესრიგში პრიორიტეტული საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა და განახლება იყო, წელს რეფორმა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც ისეთ ინტერვენციებში გამოიხატება, რომლებიც ბაზრის მეტ პრაქტიკულ სტიმულირებას და ხელშეწყობას მოახდენს.
ასეთ ინიციატივებს განეკუთვნება, მათ შორის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაგეგმილი კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მსგავსიც 2023 წელს EBRD-ის და ევროკავშირის მხარდაჭერით საპილოტე რეჟიმში განხორციელდა და რომლის ფარგლებშიც 600 მილიონ ლარზე მეტი სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვება მოხდა.
მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდების მხარდაჭერის მიმართულებით განსახორციელებელ ინიციატივებზე, რომლის ფარგლებშიც 2024 წელს დაგეგმილია სახელმწიფოს მხრიდან ზრდაზე ორიენტირებული მცირე და საშუალო კომპანიების კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდში მონაწილეობა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად.