15-03-2024
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა საგზაო უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის მხარდაჭერილი დაძმობილების პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოში საგზაო უსაფრთხოების ერთიანი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბების და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერას. მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლება საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისი თქმით, პროექტის შედეგად, მომზადდა კონკრეტული რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმა ამ პროცესში ჩართული უწყებებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ერთიანი მონაცემთა ბაზის და საგზაო უსაფრთხოების მართვის გაუმჯობესებას.
გურამ გურამიშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, რომლის დაფინანსებითაც ტვინინგის პროექტი განხორციელდა. მისი თქმით, სამინისტროში შეიქმნა სპეციალური სტრუქტურული ერთეული საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტის სახით.
პროგრამის დახურვის ღონისძიებაში მონაწილეობდა 80-ზე მეტი მონაწილე სხვადასხვა ორგანიზაციიდან და სამინისტროდან. მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე იყვნენ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და პოლონეთის განვითარების ფონდებისა და რეგიონული პოლიტიკის სამინისტროს წარმომადგენლები. მათ შორის, პოლონეთის განვითარების ფონდებისა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრის მოადგილე კონრად ვოინაროვსკი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და სხვ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურმა პირებმა, მიმოიხილეს პროექტის შედეგები და სამომავლო ნაბიჯებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ პროექტი მოიცავდა ოთხ მთავარ კომპონენტს - ესენია, საგზაო უსაფრთხოების ელექტრონული მონაცემთა ბაზის გაუმჯობესება; მართვის სისტემის გაუმჯობესება; ტრამვა რეგისტრის შექმნის ხელშეწყობა და მონაცემთა მართვის სისტემის გაუმჯობესება და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების ხელშეწყობა.
დახურვის ღონისძიების მონაწილეებს, საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საგზაო უსაფრთხოების მართვის სისტემის კუთხით პროექტის ოთხივე კომპონენტში არსებულ მიღწევებს. აღნიშნული მიღწევები საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი ევროკავშირის ექსპერტებისა და ქართველი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.