გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის ტყის მართვისა და ბიომრავალფეროვნების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

16-03-2024

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ტყის მართვისა და ბიომრავალფეროვნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)მოაწერეს.

მემორანდუმი, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ეკლესია-მონასტერთა მიმდებარე ტყის ფართობების დაცვის და მართვის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

 

"შეიქმნება ერთობლივი კომისია, რომელიც ტყის მართვისა და ბიომრავალფეროვნების სფეროში მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობას უზრუნველყოფს"- აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

 

მათივე ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მემორანდუმის გაფორმებას ისტორიული ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ, როგორც მემორანდუმი, ასევე ერთობლივი კომისია უფრო გააღრმავებს და ნაყოფიერს გახდის თანამშრომლობას.


„მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ტყის მართვისა და ბიომრავალფეროვნების საკითხებში. საქართველოს ეკლესიას აქვს უდიდესი წვლილი ტყეების, მათ შორის, განსაკუთრებით, ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არსებული ტყეების შენარჩუნებაში, მათ მოვლასა და დაცვაში. ჩვენი თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, მეტად შეუწყობს ხელს ამ პროცესს. ჩვენი სამსახურები - სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობენ, რათა ის მიზნები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ მემორანდუმით და გულისხმობს ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, იყოს უზრუნველყოფილი. მოგეხსენებათ, ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ქვეყანაში ტყეების მდგრადი მართვაა; ამასთან მიმართებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ტყის ახალი კოდექსის მიღებით, რომლის შესაბამისად ვახორციელებთ რეფორმას, რომელიც აუცილებლად იქნება წარმატებული”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 

„დღევანდელ დოკუმენტს ღრმა შინაარსობრივი დატვირთვა აქვს. ძალზედ საინტერესო თანამშრომლობის ეტაპი იწყება, რომელიც აუცილებლად მოიტანს შედეგს ჩვენი ქვეყნის ფლორისა და ფაუნის არამხოლოდ შენარჩუნებაში, არამედ მისთვის ყველაზე საუკეთესო პირობების შექმნაში“ - განაცხადა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ(გვაზავა).

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის გაფორმების ღონისძიება საპატრიარქოში გაიმართა და მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ასევე, ეროვნული სატყეო და დაცული ტერიტორიების სააგენტოების, გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრისდა სამინისტროს უწყებაში შემავალი შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031