16-03-2024
დღეს, გუმისთის ბრძოლების 31 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა, ზაზა ჩხაიძე და აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, ანზორ მარგიანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლის ველზე დაცემულ მეომართა ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
"პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო საქართველოსთვის დაღუპული გმირების ოჯახებს. ნათელი მათ ხსოვნას და დიდება გმირებს! 31 წლის წინ იყო საკმაოდ მძიმე ბრძოლები.მოხდა ის რომ, ღირსეულად, ურთიერთშეთანხმებით და გმირობის უდიდესი მაგალითებით შედეგი დადგა.
პატივი მივაგეთ, იმ გმირების ხსოვნას, ვინც ამ ბრძოლებს და საერთოდ, საქართველოს ერთიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებს შეეწირნენ. იმედია მათი თავგანწირვა გაიმარჯვებს ჩვენთან ერთად"- განაცხადა კობა კობალაძემ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, გმირთა მოედანზე, ასევე, იმყოფებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პირველი, მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის წარმომადგენლები, ვეტერანები, სტუდენტები და მოსწავლეები.
1993 წლის 15-16 მარტს, აფხაზეთში, სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ჩრდილო-კავკასიელმა ბოევიკებმა და რუსულმა სადესანტო შენაერთებმა, მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე, ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს და იძულებული გახადეს, უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში, ქართველმა მეომრებმა, საკუთარი თავდადების ფასად, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს; ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ქართული საბრძოლო შენაერთების გამარჯვებაში, ქართველმა არტილერისტებმა შეიტანეს. ქართველთა ამ ერთიანი ძალისხმევის, თავგანწირული ბრძოლის შედეგად, მტერმა მაშინ, სოხუმი ვერ აიღო.