18-03-2024
ხელისუფლებას უსაფუძვლო ამბიცია არ აქვს, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ლაპარაკობს, ეს ხელისუფლების რეალობასთან ძალიან ახლომდგომი განზრახვაა - ამბობს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოეტი დავით მაღრაძე.
მისი თქმით, ახლო იყო საფრთხეები, მაგრამ ხელისუფლებამ გააზრებული რისკის ფასად ჩვენს სამშობლოს დიდი ქარტეხილები აარიდა, დღეს უკვე მოახლოებული მშვიდობიანი არჩევნებისკენ მიდის მოსახლეობა.
„ვფიქრობ, ხელისუფლებას უსაფუძვლო ამბიცია არა აქვს, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ლაპარაკობს. ეს ხელისუფლების რეალობასთან ძალიან ახლომდგომი განზრახვაა. ახლო იყო საფრთხეები, მაგრამ ამ ხელისუფლების პატივად უნდა ითქვას, რომ გააზრებული რისკის ფასად ჩვენს სამშობლოს აარიდა დიდი ქარტეხილები, რაც ჩვენ გარშემო თითქმის ყველგან დატრიალდა. არაერთი მოწოდება გაისმა, როგორც საერთაშორისო ძალიან გავლენიანი სტრუქტურების, ასევე ბრძოლაში ჩართული უკრაინის ხელისუფლების... არ ვიცი, რამდენად ბოლომდეა განეიტრალებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს უკვე მოახლოებული მშვიდობიანი არჩევნებისკენ მიდის ჩვენი მოსახლეობა - ანუ ერთი რომ ქარტეხილები აგვარიდა ხელისუფლებამ, და მეორე - მშვიდობიანი დრო მიეცა ჩვენს მოქალაქეს, რათა არჩევნებზე გააზრებული გადაწყვეტილებით წავიდეს და არა ფორიაქით, არა კარს მომდგარი განსაცდელის შიშით, არამედ გააზრებული გადაწყვეტილებით. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ხშირად არჩევნებზე მივდიოდით "ოღონდ ეს არა" განზრახვით. ახლა მიეცა საშუალება მოსახლეობას, მშვიდად გაიაზროს თავისი გადაწყვეტილება. სწორედ ეს აძლევს ხელისუფლებას საფუძვლიან იმედს იმისა, რასაც აცხადებს“ - აცხადებს დავით მაღრაძე.