20-03-2024
ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნები მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არგუმენტირებულია და კონკრეტულ პოზიციებზეა ორიენტირებული. როდესაც ადამიანები ჩამოდიან და გეუბნებიან, რომ ასეთი მოდელი არსად არსებობს, ჩვენ გვესმის რომ თქვენ ისევ მოგიწევთ 6 თვით არჩევა. ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის პოზიციების დაახლოება ძალიან რთულია - გთავაზობენ 6 თვიანი სისტემის შემოღებას, მაშინ როცა თვითონ ამბობენ, რომ 5 წლით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ხარისხობრივად ბევრად უფრო დამოუკიდებელნი არიან, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მიქანაძის თქმით, როგორი პროფესიონალი და მიუკერძოებელიც არ უნდა იყოს კანდიდატი, თუ მას მხარს მმართველი გუნდი უჭერს, ოპოზიციისთვის მყისიერად მიუღებელი ხდება.
„ამ პრინციპებში ვენეციის კომისია აიხლართა და უბრალოდ დაწერა დასკვნაში - დაუბრუნდით იმ სისტემას, რომელიც 2 წლის განმავლობაში ყველამ ვნახეთ, აბსოლუტურად ვერანაირად ვერ გაამართლა და ჩიხურ პროცესში შეიყვანა მთელი საარჩევნო სისტემა. ამას დაემატა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შემდგომი ნაბიჯები, რომელმაც ეს სისტემა საერთოდ დაასამარა და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება იმისთვის, რომ არჩევნები ახლოვდებოდა“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, ახალი კანონმდებლობა მივიღეთ, რათა ცესკო სრულფასოვნად დაკომპლექტებულიყო, რაშიც ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია.
„ვენეციის კომისია გვთავაზობს, ჯერ ავირჩიოთ 2/3-ით, მერე 3/5-ით და შემდეგ ავირჩიოთ უბრალო უმრავლესობით მხოლოდ 6 თვის ვადით. ეს რომ ისევ 6 თვიან რეჟიმზე გადავა ამას კითხვის ნიშნის დასმაც არ უნდა და ორი აზრი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ როგორი პროფესიონალი და მიუკერძოებელიც არ უნდა იყოს კანდიდატი, თუკი ის მმართველი გუნდის მიერ არის მხარდაჭერილი, ეს ადამიანი ოპოზიციისთვის მყისიერად მიუღებელია. მიუხედავად ამისა, ჩვენ შემოგვაქვს 3/5-ის სისტემა, რომელიც იძლევა დიალოგის და კონსენსუსის პოვნის შესაძლებლობას.
თუ ადამიანი კონსტრუქციულად მიუდგება, ობიექტურად და სამართლიანად შეაფასებს ადამიანებს, რომლებმაც ამ წლების განმავლობაში ეუთო/ოდირისგან ძალიან მაღალი შეფასება და არაერთი საერთაშორისო პრიზი მიიღეს იმისთვის რომ, მაღალი რანგის ადმინისტრირებით გამოირჩევა ქართული ცესკო, მაშინ კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.