გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტის საჯარო განხილვა მიმდინარეობს

21-03-2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო.


აღნიშნულთან დაკავშირებით პირველი სამუშაო შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა მიიღო.


შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  კომიტეტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, გარემოსდაცვითი განათლების ცენტრის, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები – მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები, სტუდენტები.


თამარ მახარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო ის პრინციპები, რომლებსაც დოკუმენტი ეფუძნება და მოსწავლეებში ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბების კუთხით ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების სწორად განსაზღვრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამასთან, მინისტრის მოადგილემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შეხვედრის მონაწილეებს დოკუმენტის შესახებ მიღებული უკუკავშირების შესახებ, რომელთა გათვალისწინებაც მიზანშეწონილია დოკუმენტის საბოლოო ვერსიის შემუშავებისას.


როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საჯარო განხილვის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრებისას მონაწილეებისგან მიღებული უკუკავშირები, სპეციალურად შექმნილი ფოკუს ჯგუფების მიერ დამუშავდება, გაანალიზდება და დოკუმენტის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბების პროცესში იქნება გათვალისწინებული.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს, მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალმა პროექტმა შეხვედრის მონაწილეების მხრიდან მოწონება დაიმსახურა.


სამინისტროს ინიციატივით, ახალი დოკუმენტის პირველადი ვერსიის საჯარო განხილვაში ფართო საზოგადოების ჩართულობის მიზნით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.


შეგახსენებთ, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საჯარო განხილვის შედეგად მიღებული უკუკავშირების გაანალიზების შემდეგ შემუშავდება საბოლოო ვერსია, რის შემდეგაც, დოკუმენტის დამტკიცების მიზნით, უკვე დაიწყება სამთავრობო და საპარლამენტო პროცედურები.


ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ზოგადი განათლების ერთგვარი კონსტიტუციაა, 2004 წელს დამტკიცდა და 20 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. სწორედ ამიტომ ხანგრძლივი მუშაობის შედეგად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ  მომზადდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930