23-03-2024
ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ ვეთინგი ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს თუ ვინმე არგუმენტებით დაგვისაბუთებს, რომ ეს ასე არ არის და ე.წ. ვეთინგი არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს, სამართლის უზენაესობას, მზად ვართ, ყველა არგუმენტი განვიხილოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, 2004-2012 წლებში ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რითაც დაიმორჩილა ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა, იყო სწორედ ე.წ. ვეთინგი.
„ჩვენ არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ეს თემა არის აბსოლუტურად დახურული. ე.წ ვეთინგი ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, არამედ ეწინააღმდეგება ფუნდამენტურად კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს. პირველ რიგში, ეწინააღმდეგება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. სწორედ ამიტომ არის მიუღებელი ჩვენთვის ე.წ. ვეთინგი. ყველაფერზე მაღლა დგას კონსტიტუციური სამართალი, სამართლის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი. რა თქმა უნდა ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ ამ პრინციპების ხელყოფას.
ჩვენ ღია ვართ კონსულტაციებისთვის. ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ ვეთინგი ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს თუ ვინმე არგუმენტებით დაგვისაბუთებს, რომ ეს ასე არ არის და ე.წ. ვეთინგი არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს, სამართლის უზენაესობას, მზად ვართ, ყველა არგუმენტი განვიხილოთ, მაგრამ დრემდე ვერავინ წარმოადგინა და ვერც წარმოადგენს არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. ვეთინგი არ ხელყოფს სამართლის უზენაესობის პრინციპს, ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, შესაბამისად, დაველოდებით არგუმენტებს, მაგრამ დღემდე ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ.
ჩვენ ველოდებით არგუმენტებს, იმიტომ, რომ არ შეიძლება, არგუმენტების გარეშე მოგვთხოვონ სახელმწიფო სუვერენიტეტის, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა საქართველოში სასამართლო სისტემაში 2004-2012 წლებში. ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რითაც დაიმორჩილა მაშინ ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა, იყო სწორედ ე.წ. ვეთინგი. ახლა უნდათ, რომ ოპოზიციამ დაიმორჩილოს ე.წ. ვეთინგით სასამართლო ხელისუფლება. ეს არის ოპოზიციის განზრახვა და მიზანი. ამიტომ ლობირებენ საზღვარგარეთ საკუთარ ინტერესებს. ჩვენ გვაქვს საპირისპირო ამოცანა. ჩვენი ამოცანაა, რომ ქართული სასამართლო სისტემა იდგეს ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და არა ის, რომ ვიღაცამ ხელყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა", - განაცხადა პრემიერმა.