25-03-2024
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ალფარსლან ბაირაქტარს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ენერგეტიკის სექტორში. ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის ელექტროგადამცემი სისტემების მუშაობის უზრუნველყოფას პარალელურ რეჟიმში. აღინიშნა, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ამ მიმართულებით ხორციელდება, ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგოსისტემის გამტარუნარიანობას და საიმედოობას, მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიით რეგიონულ ვაჭრობას და გაზრდის იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესაძლებლობებს მეზობელ ქვეყნებს შორის.
მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე რეგიონული ენერგეტიკული პროექტების ფორმატშიც. მათ შორის, ხაზი გაესვა ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების მნიშვნელობას ევროპულ ბაზარზე. პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის დასახელდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტიც, რომლის ტექნიკურ - ეკონომიკური კვლევა მიმდინარეობს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმართავენ ძალისხმევას, რათა საქართველო და თურქეთი გახდნენ ევროკავშირისთვის ენერგეტიკული რესურსების საიმედო მიმწოდებლები.
შეხვედრაზე ასევე წარიმართა საუბარი თანამშრომლობაზე ენერგეტიკულ სექტორში ახალგაზრდა კადრების მომზადების მიმართულებით.