26-03-2024
საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციამ, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ქ. ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სესიაში.
სხდომაზე, რომელიც ბელგიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ფარგლებში ჩატარდა, განხილული იყო ევროკავშირისთვის აქტუალური თემები, სტრატეგიული დღის წესრიგი, ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხები, ევროპაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მნიშვნელობა.
მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობაზე, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ევროინტეგრაციის პროცესში და ხაზი გაუსვა კანდიდატ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ გახსნის აუცილებლობას.
ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სესიაზე მიღებულ იქნა დასკვნითი დოკუმენტი სადაც ეროვნული პარლამენტების წევრი რეკომენდაციას უწევენ საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისთვის მუშაობის დაწყებას, დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის შესაბამისად; კიდევ ერთხელ გამოხატავენ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობა მიმართ.
ევროპულ საქმეთა კომიტეტების შეხვედრა, რომელსაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა - ბელგია მასპინძლობს, ქ. ბრიუსელში, 24-26 მარტს გაიმართა და მასში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების დელეგაციები, ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ოტმარ კარასი, ევროკომისრები დიდიე რეინდერსი, ნიკოლა შმიტი და ტიერი ბრეტონი მონაწილეობდნენ.
შეხვედრას უძღვებოდნენ ბელგიის სამეფოს წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ელიან ტილიე და სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გაეტან ვან გოიდსენჰოვენი.
საქართველოს დელეგაცია შეხვედრაში შემდეგი შემადგენლობით მონაწილეობდა: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, ვიქტორ სანიკიძე და გიორგი ხახუბია.