28-03-2024
შეგვიძლია ჩამოვთვალოთ რამდენი კამპანია სასამართლოს წინააღმდეგ. რუსთავი 2 -ის საქმეზე 2 წლიანი ნეგატიური კამპანია იყო სასამართლოს წინააღმდეგ, სტრასბურგში ითქვა, რომ სახელმწიფო მართალია, ანუ სასამართლო ორი წლის განმავლობაში აზიანეს ტყუილი ნარატივით. გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, ტყუილი ნარატივი აღმოჩნდა, როცა განსახილველადაც არ მიიღო სტრასბურგმა, დადასტურდა, რომ ტყუილი იყოს ეს ყველაფერი, მათ შორის პრეზიდენტის მიერ, ახლა უკვე ეგრეთ წოდებულს რომ ვუწოდებთ სავსებით სამართლიანად, მისი შეწყალებაც ამ ნარატივის ნაწილი იყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ყოველ მომდევნო ჯერზე სტრასბურგი ადასტურებს, რომ ქართული სასამართლო არის პირნათელი ყველა საქმის და თავისი ქვეყნის მოქალაქეების წინაშე.
„სტრასბურგი უდასტურებს ქართულ სასამართლოს, რომ იქ ხარვეზები პრაქტიკულად არ არსებობს. ჩვენ გვეუბნებიან, რომ იქ არის კლანი, იქ ხდება უბედურება. სინამდვილეში ობიექტური გადაწყვეტილება, ფაქტები, მტკიცებულება და სტრასბურგიც ამას ადასტურებს, რომ იქ ყველაფერი წესრიგშია. გამოკითხვები ადასტურებს, რომ სასამართლო წინ არის რამდენიმე ათეული პუნქტით, ყოველ ჯერზე ახალი კვლევა და დასკვნა იდება და რეიტინგებიც მიდის წინ და წინ. ანუ ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც სასამართლო მიდის წინ, დამოუკიდებლობის ხარისხი იზრდება და გეუბნებიან გინდა თუ არა ახლა უნდა შეამოწმოს უცხოელმა ექსპერტმა, იმ უცხოელ ექსპერტებში ვიღაცებმა რაღაცები დაალაგონ თავისი პატრონების და მეგობრების მეშვეობით და ამ ქართულ სასამართლოში გაიგე მერე შენ კეთილსინდისიერად ამოწმებენ თუ ვიღაცებს სახლში არაკეთილსინდისიერად უშვებენ, რომ სასამართლოს ბერკეტი ჩაიგდონ ხელში. რა გამოდის იცით? თუ მოგვცემთ სასამართლოს კაი ბიჭები და გოგოები იქნებით და თუ არ მოგვცემთ სასამართლოს ცუდი ბიჭები და გოგოები იქნებით. არ ვარგა ასეთი დამოკიდებულება“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.