გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მოსე თოიძის სახლ-მუზეუმში ვიეტნამური გამოფენა „დონგ ჰო“- ხეზე ჭრის ხელოვნება გაიხსნა

24-09-2018

მოსე თოიძის სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა ვიეტნამურ გამოფენას “დონგ ჰო“ ხეზე ჭრის ხელოვნება - ვიეტნამური სული“. საქართველოში მოღვაწე ვიეტნამელმა ჩან თი რეგნერმა მოწვეულ სტუმრებს „დონგ ჰო-ს“ ნიმუშები წარუდგინა და თავის კოლეგებთან ერთად ჩაატარა ვორკშოპი ხეზე ჭრის ხელოვნების შესახებ. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ნატურალური საღებავებით „დონგ ჰო-ს“ ნახატები შეასრულეს. პროფესიონალ მხატვრებს ბავშვებიც შეუერთდნენ და ვიეტნამურ, სპეციალურად დამუშავებულ ქაღალდებზე საკუთარი ნახატები შექმნეს.


გამოფენის მასპინძლების მიზანი იყო ქართული და ვიეტნამური კულტურის გვერდი-გვერდ ჩვენება, რაც სხვადასხვა კულტურათა ურთიერთდაახლოების, ურთიერთგაცნობის და დიალოგის გამართვის სიმბოლოს წარმოადგენს.


„დონგ ჰო-ს„ ფერწერა ტრადიციული ესთეტიკური ფასეულობების და სოციალური ტენდენციების ასახვაა, ისევე როგორც ადამიანური სურვილების გამოხატულებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მისი ტრადიციული თემებია წარმატების ანარეკლები, ისტორიული მოღვაწეები, ხალხური ალეგორიები, პოპულარული თხრობები და სოციალური თემატიკა. ყოველდღიური ცხოვრების ელემენტები კარგად არის ინტეგრირებული „დონგ ჰო-ს„ ხელოვნებაში, რომელიც საშუალებას იძლევა მხატვრებმა ზუსტად გამოხატონ ხალხის აზრები და სურვილები.


ვიეტნამური გამოფენის გახსნას მოსე თოიძის სახლ-მუზეუმში თავის კონკრეტული მიზეზიც გააჩნია. მოსე თოიძის ოჯახის წევრი, ვლადიმერ (ვოვა) მაჭავარიანი (მოსე თოიძის სიძე) 60-იან წლებში იყო პირველი ქართველი საზოგადო მოღვაწე, რომელმაც შექმნა კულტურული დიალოგი ქართველებსა და ვიეტნამელ ხელოვანებს შორის. ეს გამოფენა ვლადიმერ მაჭავარიანის მიერ დაწყებული მისიის გაგრძელებაა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ვიეტნამელი მხატვრის მიერ ვოვა მაჭავარიანის შესრულებული პორტრეტი.


გამოფენა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. გამოფენის გახსნაზე მოწვეულები იყვნენ დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები, რომლებსაც აგრეთვე, საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ვიეტნამური და ქართული კერძები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031