3-04-2024
„ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური თანაბარი მონაწილეობა, ეს ნებისმიერი, წარმატებული, განვითარებული და დემოკრატიული ქვეყნის პოლიტიკისა და პროგრამების ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილია. ამას არ სჭირდება ცალკე ხაზგასმა და აპელირება,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გენდერული კვოტირების შესახებ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.
სეფაშვილის თქმით, თავის დროზე კვოტირების შემოღება წინ გადადგმული ნაბიჯი იყო იმ დროისთვის არსებული ვითარების ფონზე, დღეს კი კვოტირების გაუქმება წინ გადადგმული ნაბიჯია ამჟამად არსებული რეალობის ფონზე.
„თავის დროზე კვოტირების შემოღება იყო წინ გადადგმული ნაბიჯი და ახლა კვოტირების გაუქმება, ასევე, არის წინ გადადგმული ნაბიჯი და ავხსნი რატომ. ყველა ქვეყანას, თავისი ისტორიიდან, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული წარსულიდან და თანამედროვეობიდან გამომდინარე, ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის განსხვავებული გამოწვევები უდგას და ყველა ქვეყანამ თავისებურად უნდა გადაწყვიტოს ეს გამოწვევები. თუმცა, არის ერთი დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც ყველა ქვეყანას თავისებურად ახასიათებს.
თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს ქალების სტრუქტურული დისკრიმინაცია, რომელიც ერთი შეხედვით არ ჩანს და მის გამოსავლენად ცოტა უფრო მეტი და ჩაღრმავებული კვლევები არის საჭირო. სწორედ ამ სტრუქტურული დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ხშირად საჭირო ხდება ხელოვნური მექანიზმების შემოღება იმისათვის, რომ ქალთა და მამაკაცთა თანასწორობა უზრუნველყოფილი იყოს.
ასეთი ხელოვნური და დროებითი მექანიზმი იყო თავის დროზე კვოტირების შემოღება, რომელმაც საკმაოდ წარმატებით იმუშავა და თავი გაართვა იმ ფუნქციას, რაც მას თავიდანვე ჰქონდა. მას შემდეგ, რა თქმა უნდა, ქვეყანა განვითარდა, სხვა უამრავი კანონიც მივიღეთ და ამჟამად, სწორედაც რომ, წინ გადადგმული ნაბიჯია ამ ხელოვნური მექანიზმის გაუქმება.
თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალთა უფლებები რამენაირად შელახული იქნება. ჩვენ, რამდენიმე თვის წინ, მხარი დავუჭირეთ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციას, რაც სწორედ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა და პოლიტიკური თანამონაწილეობაც თავისთავად უზრუნველყოფილი იქნება, როგორც ჩვენი, ასევე „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ. ოპოზიციურ პარტიებსაც თუ სურვილი ექნებათ ქალები დააწინაურონ, მათ ხელშია და მგონი არ არის საჭირო დამატებითი, დროებითი მექანიზმების შენარჩუნება, რომელიც უკვე წარსულია.
გასული წლის განმავლობაში აქ იმ კანონის მიღების დროს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას და ქვეყანაში მშვიდობის დაცვას ემსახურებოდა, ვიხილეთ ოპოზიციის მიერ წარმოებული პოლიტიკა, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა არამცთუ ქალურობასთან, არამედ, ადამიანობასთან - იყო ეს კივილი, წივილი, მაგიდებზე ახტომა, მაგიდების გადაყირავება, ბრახუნი და ა.შ.
ეს არ არის ქალთა უფლებების დაცვა, ესაა ადამიანობაზე უარის თქმა. ასე რომ, პოლიტიკური მონაწილეობა იქნება, თუ ეკონომიკური, ქალი იქნება თუ მამაკაცი, ის არჩეული უნდა იყოს არა სქესობრივი კუთვნილების გამო, არამედ მისი პროფესიული უნარ-ჩვევების და განათლების გამო, მისი სამუშაო გამოცდილების გამო და ესაა სწორედ თანამედროვე მიდგომა. ქალთა და მამაკაცთა თანაბარუფლებიანობა დაცული უნდა იყოს შესაბამისი კანონმდებლობით და არა რაიმე დამცავი მექანიზმებით,“ - განაცხადა სეფაშვილმა.