5-04-2024
ხალხს არწმუნებენ, თითქოს გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებით საქართველო ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება, რაც აბსურდია, ევროპისთვის გამჭვირვალეობა უმთავრესი ღირებულებაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.ხალხს არწმუნებენ, თითქოს გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებით საქართველო ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება, რაც აბსურდია, ევროპისთვის გამჭვირვალეობა უმთავრესი ღირებულებაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მიქანაძის თქმით, საზოგადოებამ კარგად გაიგო, სინამდვილეში, რას ემსახურება კანონპროექტი და ხალხს ვეღარ მოატყუებენ.
„გამჭვირვალობის კანონპროექტი მას შემდეგ დაინიცირდა, რაც ერთი წლის თავზე მმართველმა გუნდმა დავინახეთ, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დაარღვიეს პირობა, რომ გაასაჯაროებდნენ და გამჭვირვალეს გახდიდნენ როგორც დაფინანსების წყაროებს, ისე დახარჯული თანხების მიზნობრიობას, კონკრეტულ საქმიანობას, რასაც ისინი ეწევიან. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებისთვის ცნობილი არიან მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში, როდესაც მიზანმიმართულად ესხმიან თავს სასამართლო ხელისუფლებას. მათი პროპაგანდისტული საქმიანობა ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ღირებულებების საწინააღმდეგოა. მით უმეტეს, ბოლო პერიოდში უფრო გამძაფრდა ეს კამპანია, შეტევა, დესტრუქციის მცდელობა სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ამ ყველაფერმა დაგვარწმუნა, რომ საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს, ეს ორგანიზაციები საიდან იღებენ დაფინანსებას და რაში იხარჯება თანხები.
წარმოდგენილი კანონპროექტი მარტივ კომპონენტს შეიცვას, ის ეხება მხოლოდ იურიდიულ პირებს. არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომლებიც 20%-ზე მეტ წლიურ შემოსავალს, ფინანსურ დახმარებას იღებენ გარე წყაროებისგან, ერთადერთი ვალდებულება უჩნდებათ, რომ საზოგადოების წინაშე იყვნენ ანგარიშვალდებულნი და ყოველი წლის იანვარში იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში წარადგინონ დეკლარაცია. ანგარიშგებას თუ არ გააკეთებენ, ერთადერთ სანქციად გათვალისწინებულია ჯარიმა. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ადამიანები, რომლებსაც ისტერია აქვთ ამ საკითხთან მიმართებით, პირდაპირ ლუსტრაციას გადიან საზოგადოების წინაშე. ისინი მალავენ როგორც დაფინანსებას, ისე კონკრეტულ საქმიანობას და არ სურთ, რომ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულნი იყვნენ. ამავე დროს, ეს ორგანიზაციები გამჭვირვალეობას და ანგარიშგებას სთხოვენ სახელმწიფოს. საერთაშორისოდ არის აღიარებული, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ერთ-ერთი გამჭვირვალე მსოფლიოში. ისმის კითხვა: რატომ არ სურთ ამ ადამიანებს მსგავსი კანონის არსებობა საქართველოში, თუ მათ დასამალი არაფერი აქვთ?
ჩვენ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში როგორც მედიასაშუალებების, ისე სოციალური ქსელების მეშვეობით მაქსიმალურად გავავრცელეთ საზოგადოებაში ძირითადი გზავნილები, რომლებიც ამ კანონპროექტთან არის დაკავშირებული. ვხედავთ, რომ საზოგადოების მხრიდან პოზიტიური გამოხმაურებაა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები თუ პოლიტიკოსები ცდილობენ, მიაკრან ის იარლიყი, რომლითაც შარშან საზოგადოება მოატყუეს.
შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ეს სიცრუე შარშან გაუვიდათ, შესაბამისად, ახლა საზოგადოება ვერ და არ მოტყუვდება. საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიგო, რას ემსახურებოდა შარშანდელი კანონპროექტი. ამასთანავე, ყველასთვის ცნობილია, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება გარე წყაროებიდან კანონმდებლობით აკრძალულია. ხალხს არწმუნებენ, თითქოს კანონპროექტი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ არის მიმართული და ამ კანონპროექტის მიღებით საქართველო ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება. ეს სრული აბსურდია. ევროპისთვის გამჭვირვალობა და ანგარიშგება ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა, ეს კანონპროექტიც ამას ემსახურება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.