7-04-2024
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ბრძოლის ველზე პირველადი დახმარების აღმოჩენის წესები შეისწავლეს. სპეციალური ტრენინგი კანადელ ინსტრუქტორთა ჯგუფის ხელმძღვანელობით, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის საბრძოლო უზრუნველყოფის ცენტრის სამხედრო-სამედიცინო სკოლაში ჩატარდა.
პირველ ეტაპზე კანადელი სამხედროების ხელმძღვანელობით საქართველოს თავდაცვის ძალების თორმეტმა სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო-სამედიცინო ინსტრუქტორის კურსი გაიარა. შემდეგ კი მათ კანადელ კოლეგებთან ერთად საბრძოლო მაშველის კურსზე 72 სამხედრო მოსამსახურე მოამზადეს.
თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა ბრძოლის ველზე დაშავებულის დახმარების აღმოჩენის წესები შეისწავლეს: ტაქტიკური საველე დახმარება, სამედიცინო ევაკუაციის მოთხოვნა, მოტეხილობების მართვა, სისხლდენის კონტროლი და სხვა.
კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა ავთანდილ აბაშიძემ და კანადის სამხედრო ატაშემ საქართველოში, თურქეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებში, პოლკოვნიკმა ფილიპ სუვემ გადასცეს.