გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: დემოკრატია, თავისუფლება და ტოლერანტობა არის ჩვენი კულტურის ნაწილი

25-09-2018

საქართველოს პარლამენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომას მასპინძლობს. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

 

„ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების კომიტეტის სხდომას საქართველოში.  ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ყველა იმ ღირებულებას, რომელსაც ევროპის საბჭო და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეფუძნება.

 

ჩვენთვის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია განათლების, კულტურის, მედიის და მეცნიერების პოპულარიზაცია.

 

ვამაყობთ ჩვენი კულტურით, ვამაყობთ კულტურის ისტორიით და ჩვენი მიზანია,   მეგობრებს ჩვენი კულტურა გავაცნოთ. გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა, რომ განვავითაროთ განათლების სისტემა. გვჯერა, რომ კარგად განათლებულ საზოგადოებას დიდი წვლილის შეტანა შეუძლია მსოფლიოს გაუმჯობესებაში. გვჯერა, რომ ქვეყნები ერთმანეთს უნდა ეჯიბრებოდნენ არა ძალით, აგრესიითა თუ ზეწოლით, არამედ, უკეთესი საგანმანათლებლო სისტემით და კულტურით. ამ შემთხვევაში, მსოფლიო იქნება ბევრად უკეთესი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისი თქმით, მიუხედავად გამოწვევებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციისა, ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ,  ჩვენი ქვეყანა პროგრესირებს,  ვითარდება და ჩვენ წინა რიგებში ვდგავართ არა მხოლოდ დემოკრატიული ღირებულებების განვითარების, არამედ ეკონომიკური სისტემის გაძლიერების კუთხით. ძალიან ვამაყობთ ამ მიღწევებით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო იმავე ღირებულებებს იზიარებს, რაზეც ევროპის საბჭოა დაფუძნებული. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დემოკრატია, თავისუფლება და ტოლერანტობა ქართული კულტურის ნაწილია.

 

„ჩვენ ვეთანხმებით და ვეფუძნებით ყველა იმ ღირებულებას, რომელზეც არის დაფუძნებული ევროპის საბჭო. ჩვენ გვჯერა, რომ  დემოკრატია, თავისუფლება და ტოლერანტობა ასევე არის ჩვენი კულტურის ნაწილი და რა თქმა უნდა, ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენს რეგიონში  ეს ღირებულებები იყოს პატივცემული“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930