25-09-2018
ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოებისა და კიბერდანაშაულის გამოძიების კვლევითი ცენტრის დელეგაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში,შეხვედრები ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელთან, კობა კობიძესთან და მის მოადგილეებთან, ასევე სააგენტოს კიბერუსაფრთხოების, კიბერდანაშაულის გამოძიებისა და ციფრული ექსპერტიზის სპეციალისტებთან გაიმართა. დელეგაცია ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიღწევებსა და შესაძლებლობებს კიბერდანაშაულისა და ციფრული ექსპერტიზის მიმართულებით გაეცნო.
ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსა და ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტს შორის კიბერუსაფრთხოების, კიბერდანაშაულის გამოძიებისა და ციფრული მტკიცებულებების სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს მისცემს საშუალებას გადაამზადოს საკუთარი თანამშრომლები ევროკავშირის სამართალდამცავი უწყებების მიერ აღიარებული სპეციალიზირებული სასწავლო პროგრამების მიხედვით.
დოკუმენტი მხარეებს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს ტრეინინგების, კურსების, გაცვლითი ვიზიტების და საკონსულტაციო მომსახურების გაზიარების კუთხით. ასევე, მემორანდუმის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობა დისტანციური და რეგულარული სასწავლო პროგრამების შემუშავებას; სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მიღწევების ურთიერთგაცვლას; კიბერუსაფთხოებისა და ექსპერტიზის პროდუქტების და მომსახურების გაზიარებას მოიცავს.
ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტის კიბერუსაფრთოებისა და კიბერ გამოძიების კვლევითი ცენტრიევროკავშირის ფარგლებში ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს წარმოადგენს, რომელსაც სამართალდამცავი უწყებების საჭიროებებზე მორგებული კიბერუსაფრთხოების, კიბერ გამოძიებისა და ციფრული ექსპერტიზის პროგრამები გააჩნია. ცენტრიევროპოლის კიბერდანაშუალის ცენტრის E3-ის ოფიციალურ პარტნიორს წარმოადგენს და მისი ეგიდით შემუშავებულ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობს.
სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო კავკასიის რეგიონში წარმოადგენს პირველ სახელმწიფო უწყებას, რომელთანაც ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოებისა და კიბერ გამოძიების კვლევითმა ცენტრმა თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმა.