9-04-2024
ევროკომისიამ, ევროპარლამენტში განსახილველად წარადგინა ევროდირექტივა, რომელიც მესამე ქვეყნების მხრიდან შესაძლო გავლენებს და ამ გავლენების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას ეხება. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ოცდაშვიდივე წევრი ქვეყანა, სულ მალე, ამ დირექტივის ძირითადი მიზნების შესაბამის კანონმდებლობას მიიღებს თავიანთ ეროვნულ დონეზე, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ზოგიერთი ევროპარლამენტარი ან ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირი "გამჭვირვალობის კანონს" აკრიტიკებს, ეს ორმაგი სტანდარტის გამოხატულებაა და მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესს და უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად არ მიიჩნევენ.
"ზოგიერთი ევროპარლამენტარის, ასევე ევროკავშირის მხრიდან ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირის კრიტიკა ჩვენ მიმართ, ამ შემთხვევაში არის ორმაგი სტანდარტების ერთ-ერთი გამოხატულება, რომელიც ფაქტობრივად გვეუბნება, რომ ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი ეროვნული ინტერესი მნიშვნელოვანია, თქვენი, საქართველოსი - რადგან პატარა ქვეყანა ხართ, ამიტომ არ არის თქვენი ეროვნული ინტერესები მნიშვნელოვანიო. რეალურად, ეს არის ორმაგი სტანდარტი, ჩვენ დიდი ხანია ამის მოწმე ვართ, თუმცა, ეს ორმაგი სტანდარტები მხოლოდ და მხოლოდ ანტიევროპულ განწყობებს უწყობს ხელს საქართველოში და ვფიქრობ, ეს დაუშვებელია" - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.