9-04-2024
„კანონპროექტი ერთ - ერთი ყველაზე ეროვნული სამართლებრივი ინიციატივაა, მიზნით, სხვათა ჩარევისაგან დაიცვას საკუთარი სახელმწიფო და მისი სტაბილურობა,“ - წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი “გამჭვირვალობის კანონის” შესახებ სოციალურ ქსელში.
მეგრელიშვილი უხერხულს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის ცალკეული თანამდებობის პირები, ასევე საფრანგეთის ელჩი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი აკრიტიკებენ კანონპროექტს, რომლის მსგავსიც მათ ქვეყანაში ან უკვე მოქმედებს, ან ინიციირებულია.
„კანონპროექტი ერთ - ერთი ყველაზე ეროვნული სამართლებრივი ინიციატივაა, მიზნით, სხვათა ჩარევისაგან დაიცვას საკუთარი სახელმწიფო და მისი სტაბილურობა.
მისი პირობაც მარტივია - კონკრეტულმა ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ და დოკუმენტურად დაასაბუთონ, თუ საიდან იღებენ თანხებს და რა მიზნით ხარჯავენ მას.
ამ პრაქტიკას მიჰყვებიან სამართლებრივად ბევრად უფრო განვითარებული ქვეყნებიც, მათ შორის, თვითონ აშშ-იც, ისრაელი, ავსტრალია და სხვა წამყვანი ქვეყნები. ასევე, ევროკავშირი მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ მექანიზმით იქმნის სამართლებრივ დამცავ გარსს. შესაბამისად, უხერხულია იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც თავად თითი უნდა მიაჭირონ გამჭვირვალობის კანონს და თავად უნდა მიიღონ ის, ჩვენი კანონპროექტისადმი ანტიგანწყობები და ვასალური დამოკიდებულება.
მაგალითად, საფრანგეთის ელჩი, რომელიც სალომესთან ბრძანდებოდა, საკუთარ ქვეყანაში მხარს უჭერს გამჭვირვალობის კანონს, ხოლო ჩვენ გვეუბნება, რომ ჩვენი რეალობისთვის ეს ყოველივე უკან გადადგმული ნაბიჯი და დიდი შეცდომაა.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერიც არ ჩამორჩება ამ შავ მარათონს და აკრიტიკებს ქართული კანონის პროექტს, როდესაც მასთან ამერიკაში დიდი ხანია მოქმედებს უმკაცრესი კანონი ფარა.
ქართული სახელმწიფო საკუთარი ინტერესების დასაცავად და მეტი უსაფრთხოებისათვის აუცილებლად მიიღებს ამ კანონს და დაამტკიცებს, რომ ქართული სახელმწიფო არავის ვასალი არაა" - წერს თამთა მეგრელიშვილი.