9-04-2024
„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს იხსენებს და წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ 35 წლის შემდეგ საქართველოს სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დგას მისი მეგობარი ქვეყნების მხრიდან.
მისი თქმით, ისევე როგორც 35 წლის წინ დღესაც საქართველოში მთავარ პრობლემად პროცესების გაუმჭვირვალობა რჩება.
„35 წელი გავიდა 9 აპრილიდან. მე 1989 წელს დავამთავრე სკოლა და ეს თარიღი იყო ჩემი თაობისთვის პირველი აფეთქება. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მაშინ ქუჩაში ვიდექით ნიადაგი მოგვიმზადა ჩვენი მამების თაობამ - ზვიად გამსახურდიამ, მერაბ კოსტავამ და მთელმა ეროვნულმა მოძრაობამ, რომლებიც იმ მძიმე პერიოდში საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებ გარდაცვლილთა სულებს.
მინდა ერთი, ჩემთვის მნიშვნელოვანი ფაქტი გავიხსენო, 1989 წლის იანვარი ან თებერვალი იქნებოდა, მაშინ ქუთაისში ვცხოვრობდი და ნორჩ ჟურნალისტთა წრის წარმომადგენელი გახლდით. წაგვიყვანეს სამტრედიის ბავშვთა კოლონიაში. რაც მე იქ ვნახე, განვიცადე და მოვისმინე ამ ბავშვებისგან, დავწერე და გამოქვეყნდა კიდეც გაზეთ „ქუთაისში“.
გამოქვეყნებულ სტატიაზე ატყდა ერთი ამბავი, ლამის გამასამართლეს. მიზეზი კი იყო გაუმჭვირვალობა. ჩემი პირველი პროტესტი, გარდა იმისა, რომ სხვებთან ერთად 9 აპრილს, საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვითხოვდი, იყო გამჭვირვალობა და სიმართლე, რომელიც უნდა სცოდნოდა ხალხს. სცოდნოდათ პირველ რიგში იმ ბავშვების მშობლებს, რომლებიც მაშინ კოლონიაში იხდიდნენ სასჯელს.
იმ პერიოდში პრობლემა მარტო ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება კი არ იყო, იყო გაუმჭვირვალობა. საქართველოს მოსახლეობამ არ იცოდა სიმართლე ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე.
9 აპრილს არ გვიბრძოლია და სისხლი არ დაღვრილა იმისთვის, რომ დღეს საქართველოს სუვერენიტეტი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო. კითხვის ნიშნის ქვეშ არა იმ ოკუპანტი სახელმწიფოსგან, რომლისგანაც შეჩვეული ვართ მთელი ეს წლები ოკუპაციას, არამედ სამწუხაროდ იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც მეგობრად მივიჩნევთ, გვინდა, რომ მათი პარტნიორები ვიყოთ და არა მორჩილები, როგორიც ეს მათ სურთ,“ - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.