10-04-2024
რატომ ამბობენ ევროპელები საქართველოში უარს იმაზე, რატომ გვიკრძალავენ ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან კონკრეტული წარმომადგენლები თუ ოფიციალური სტრუქტურები იმას, რაც ინიციირებულია ევროკავშირში, რაც მიღებულია ქვედა პალატის მიერ საფრანგეთში? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
აღნიშნულით მდინარაძემ უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ არიან ევროკავშირის და მეგობარი ქვეყნების კონკრეტული წარმომადგენლები "გამჭვირვალობის კანონის" მიღების წინააღმდეგი საქართველოში. მისი თქმით, ევროპიდან წამოსული კრიტიკის მიზეზია ის, რომ დონორებს არ სურთ გამჟღავნდეს, რომ ისინი სასარგებლო საქმეებთან ერთად აფინანსებდნენ ექსტრემიზმს, ლგბტ პროპაგანდას, რევოლუციურ ტრენინგებს და ა.შ.
"მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე: ამაზე ძალიან მუშაობენ ის დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ იძულებული გახდებიან, გამოაშკარავდეს, წარსულში, ახლა თუ მომავალში, რატომ აფინანსებდნენ კარგ საქმეებთან ერთად, ამავდროულად ექსტრემიზმს, პოლარიზაციას, "კანვასის" რევოლუციურ ტრენინგებს, ლგბტ პროპაგანდას, ისეთ გემებს, რომელიც მიდიოდა მაგალითად, ISFED-ის მიერ პარალელური ხმის დათვლის მონაცემების გაყალბებამდე და ამის გამოაშკარავება არავის აწყობს და ჩართულია საერთაშორისო ლობისტური ქსელი ამაში. სხვას ვერაფერს დავაბრალებთ იმას, რომ ჩვენ გვიკრძალავენ, რასაც თავად, თავიანთ ქვეყნებში და ზოგადად, ევროკავშირში იღებენ. მეტი პასუხი ამაზე არ არსებობს. სხვა პასუხი თუ არსებობს, თქვენ გვითხარით. არსებობს რაღაც, რაც მოქმედებს აშშ-ში, ავსტრალიაში, ისრაელში, საფრანგეთში ქვედა პალატის მიერ მიღებულია, დაინიცირებულია ევროკავშირში - ოღონდ უფრო მკაცრი" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.