14-01-2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 15-17 იანვარს, ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას ეწვევა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რაიმონდ ვეიონისთან და სეიმის თავმჯდომარესთან, ინარა მურნიეცესთან გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე და ინარა მურნიეცე საქართველოს პარლამენტსა და ლატვიის რესპუბლიკის სეიმს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს. მემორანდუმი საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავებას, საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციებში კოორდინირებულ თანამშრომლობასა და პარლამენტების აპარატების თანამშრომლებისთვის გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას ითვალისწინებს.
დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტ ინეტა ზიემელესთან, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩთან, ეკონომიკის მინისტრ არვილს აშერადენსთან და ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორ იანის სარტსსთან.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ლატვიის ოკუპაციის მუზეუმს დაათვალიერებს და თავისუფლების მონუმენტს ყვავილებით შეაკობს. ირაკლი კობახიძე და დელეგაციის წევრები ლატვიის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს ეწვევიან და ძველ რიგას დაათვალიერებენ.
დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა, ეკა ბესელია, აკაკი ზოიძე, ვანო ზარდიაშვილი, ბექა ოდიშარია, რამაზ ნიკოლაიშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.