11-04-2024
„გორბის კვლევამ დაგვანახა, რომ საზოგადოება აზროვნებს სახელმწიფოებრივად და ხვდება, რომ ბრძოლა ევროპულობასა და რუსეთუმეობას შორის კი არ არის, არამედ არის საქართველოს დამოუკიდებლობას, ვასალობასა და მონობის აღდგენას შორის,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, ევროპული ღირებულება არ არის მონური აზროვნება და ეს ყველამ კარგად უნდა გაითავისოს.
„გორბის კვლევამ დაგვანახა, რომ საზოგადოება აზროვნებს სახელმწიფოებრივად და ხვდება, რომ ბრძოლა ევროპულობასა და რუსეთუმეობას შორის კი არ არის, არამედ არის საქართველოს დამოუკიდებლობას, ვასალობასა და მონობის აღდგენას შორის. საზოგადოება ხედავს, რომ ევროპული ღირებულება გამჭვირვალობაა და ჩვენ ვიღებთ გამჭვირვალობის შესახებ კანონს; ევროპული ღირებულება არის ასოცირების შეთანხმება, რომელიც მივიღეთ; გვაქვს სავაჭრო შეთანხმება; მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია და ბოლოს კანდიდატის სტატუსი. მოდით გადავხედოთ იმ ხალხს, ვინც საუბრობს ევროპულ ღირებულებაზე - რა მოხდა მათი მმართველობის პერიოდში? რუსეთს გადასცეს, ყველა სტრატეგიული ენერგოობიექტი, რუს ტურისტებს სთავაზობდნენ ინვესტიციების ჩადებას და ბოლოს რეზოლუცია - ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც რუსეთი გაამართლეს და ჯარისკაცები დაადანაშაულეს ომის დაწყებაში.
ეს ხალხი, ჩვენ, რომლებმაც ამ 12 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად დავაკავშირეთ საქართველო ევროკავშირთან, გვეუბნება, რომ რა არის ევროპული ღირებულება არ ვიცით. ევროპული ღირებულება არ არის მონური აზროვნება. დღეს, რომ გამოვიდა ხაბეიშვილი და ირონიით თქვა, აბა, ახლა ელჩსაც დაუსვით კითხვა, რომელი მუხლი არ მოსწონსო? დავუსვი უკვე კითხვა და კიდევ დავუსვამ იმიტომ, რომ თავისუფალი აზროვნება მიყვარს მე, ხაბეიშვილივით მონური აზროვნების კი არ ვარ, ვერ გავუბედო ელჩს, ვერ ვკითხო, რატომ არ მოსწონს ესე თუ ის კანონპროექტი. სწორედ ეს არის აღიარება მონური ფსიქოლოგიის. ჩვენ კი გვინდა თავისუფალი საქართველო, რომელიც ევროპული და ქართული ღირებულებებით შევა ევროკავშირში,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.