13-04-2024
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია იტალიის რესპუბლიკაში, ქალაქ ბრეშაში, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მიერ გამართულ მინისტერიალში მონაწილეობდა.
უწყების ინფორმაციით, იტალიის სოფლის მეურნეობის, სურსათის და სატყეო საქმეთა მინისტრმა ფრანჩესკო ლოლობრიჯიდამ ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა მინისტერიალში მონაწილეობისათვის და საქართველოს ხელისუფლებასთან არსებულ თანამშრომლობას მნიშვნელოვანი უწოდა.
„საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაღრმაოთ თანამშრომლობა კონკრეტული ბაზრების ათვისებისა და ხარისხიანი წარმოების მიმართულებით. საქართველომ აირჩია სწორი გზა, როდესაც ღვინის წარმოების კუთხით აქცენტი გააკეთა ხარისხზე და არა რაოდენობაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, აქტიურად ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, როგორც ღვინის წარმოების, ისე სხვა სექტორებში“, - განაცხადა ფრანჩესკო ლოლობრიჯიდამ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.
აღსანიშნავია, რომ წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია დაარსების 100 წლის იუბილეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. მათ შორის, აღსანიშნავია, ქალაქ ბრეშაში გამართული მინისტერიალი, რომელსაც, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია ესწრებოდნენ.