26-09-2018
ჯანდაცვის სამინისტროს ყოფილი მარალჩინოსნის, გია თვალავაძის ადვოკატის, ლალი აფციაურის განცხადებით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
ეს განცხადება მან „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბრისას გააკეთა.
„არ აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას. სასამართლოში მოვითხოვთ რომ მის მიმართ არანაირი აღკვეთი ღონისძიება არ იქნეს გამოყენებული. ალტერნატივის სახით, რა თქმა უნდა, შევთავაზებთ გირაოს. გვაქვს საფუძველი იმისა, რომ თვალავაძის მიმართ აღკვეთი ღონისძიება საერთოდ არ იყოს გამოყენებული. მის მიმართ არც ერთი კონკრეტული დანაშაული არ არის დადასტურებული,“ - განაცხადა ადვოკატმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ-სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე ორი დღის წინ დააკავა.
ბრალად თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედება. საქმე სააფთიაქო ნარკომანიასა და ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვას ეხება. თვალავაძის სასამართლო პროცესი დღეს შედგება.