გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშიამ თსუ-ში სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა გახსნა

15-04-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ქართული მარცვლეული კულტურისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ღონისძიება გახსნა. სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა: „ტრადიციული ქართული სამიწათმოქმედო კულტურა და თანამედროვეობა” ქართული ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის დღეს ეძღვნება.


თსუ რექტორმა ისაუბრა ქართული ხორბლის და სხვა აგრარული კულტურების მრავალფეროვნებაზე, მათი სამეცნიერო შესწავლის მნიშვნელობაზე. „ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია და გამოფენა ეწყობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ეძღვნება ქართულ ხორბალს და საქართველოს აგრარული ისტორიის საკითხებს. ჩვენი მიზანია ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების პოპულარიზაცია ქვეყნის გარეთ. რამდენიმე წლის წინ ჩვენმა ქვეყანამ იუნესკოს წინაშე დააყენა საკითხი ქართულ ხორბალს კულტურული ძეგლის სტატუსი მინიჭებოდა,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.


თსუ-ის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გამოიფინა XVI-XVIII საუკუნით დათარიღებული ძველი საბუთები და ეტრატები, ფოტოები და ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, მარცვლეულის უნიკალური ჯიშები და ეთნოგრაფიული მასალა, ასევე ამ საკითხისადმი მიძღვნილი მონოგრაფიები და წიგნები. ექსპონატები მოგვითხრობენ მარცვლეული კულტურის - რიტუალებისა და გამოყენების იმ უწყვეტი ტრადიციების შესახებ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა საქართველოში. გამოფენაზე წარმოდგენილი ეტრატები, ფოტოები, ხელნაწერები, წიგნები, მემორიალური ნივთები, მარცვლეულის  უნიკალური ჯიშები, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა დაცულია: საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმსა და ბიბლიოთეკაში, საქართველოს ეროვნულ არქივსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და საქართველოს ბოტანიკის ინსტიტუტში.


„ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებრიობას კიდევ ერთხელ შევახსენოთ ქართველთა უდიდესი წვლილი მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში, კერძოდ, ჩვენი სამიწათმოქმედო გამოცდილება. საქართველოში ენდემური ჯიშის ქართული მემინდვრეობის არაერთი ელემენტი მოგვეპოვება, რომელსაც დაცვა და პოპულარიზაცია სჭირდება,“- განაცხადა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თსუ პროფესორმა როზეტა გუჯეჯიანმა.


თსუ ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა აუდიტორიის წინაშე ისაუბრა საქართველოში ღვინისა და ხორბლის მოყვანისა და რიტუალური დატვირთვის ხანგრძლივი ისტორიის შესახებ.


სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ქართული ენდემური ჯიშების მარცვლეულ კულტურას ეძღვნება: „ქართველთა ეროვნულ - კულტურული იდენტობის მახასიათებელი - ხორბალი წერილობით კულტურაში“ - პროფესორი ლია ახალაძე; „ხორბალი და პური თანამედროვე ქართულ ტრადიციულ სარიტუალო პრაქტიკაში“- პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი; „ერთი აგრარული დღეობის შესახებ კახეთში“ - პროფესორი თეიმურაზ გვიმრაძე; „ქართული ენდემური ხორბლის გავრცელების არეალი თანამედროვე საქართველოში“ - დოქტ. ნოდარ შოშიტაშვილი;კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსია თემაზე: “ქართული ხორბლის, მის მოყვანასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სულიერი და სოციალური კულტურის ცნობადობის გაზრდა”.

ღონისძიება თსუ ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის, თსუ მუზეუმისა და თსუ ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930