16-04-2024
კალაძის ასეთი ტიპის განცხადებები არ არის პირველი და არც უკანასკნელი, ეს არის გათვლილი ქართული ოცნების მხარდამჭერების გამოთაყვანებულ ნაწილზე, რომლებიც ეგეთ რაღაცებს ჭამენ, - ასე შეაფასა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადება, რომლის თქმითაც, „იგივე ხდება დღეს ერთი ერთში, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში - მითითებები, ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა. ჩვენ ისეთი ევროკავშირი გვინდა, სადაც არის სამართლიანობა“.
ჯაფარიძემ „ ქართული ოცნების“ ამომრჩევლები შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენია და მათ იდიოტები უწოდა.
„საბჭოთა კავშირი იყო ბოროტების იმპერია, რომელმაც ჩვენ დაგვიპყრო და დაპყრობილი ვყავდით 70 წელი, გაანადგურა ამ ქვეყნის საუკეთესო ელიტა ყველა სფეროში და ყველა მიმართულებაში. ევროკავშირი არის თავისუფალი სივრცე, სადაც ჩვენ თვითონ მივისწრაფვით, თვითონ გვინდა, რომ ამ სივრცის ნაწილი ვიყოთ. ამიტომ, არავინ არაფერს თავზე არ გვახვევს. ისინი გვეუბნებიან, რომ ეს არის ასეთი კლუბი, სადაც ამ წესებით ცხოვრობენ, სადაც ადამიანების უფლებები დაცულია, სადაც სასამართლო სასამართლოა, სადაც არჩევნები ტარდება, სადაც კორუფციას ესე ვებრძვით, სადაც ოლიგარქიული მმართველობა არ არსებობს. თუ გინდათ, რომ ჩვენი კლუბის წევრი იყოთ, ეს პრობლემები უნდა მოაგვაროთ, ოლიგარქიული მმართველობა დაასრულოთ, სასამართლო უნდა დაემსგავსოს სასამართლოს, არჩევნები უნდა დაემსგავსოს არჩევნებს და კორუფციას უნდა ებრძოლოთ. ამას გვეუბნებიან და ეს არაფრის თავზე მოხვევა არ არის და არავის სუვერენიტეტის შელახვა არ არის. ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ იმ კლუბის წევრი და ის კლუბი გვეუბნება მაშინ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილეთ, მეტი არაფერი. ჩვენი სურვილი არის, ამ ქვეყნის მოქალაქეების სურვილია, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ, ისევე, როგორც ცხოვრობენ დასავლეთში განვითარებულ ქვეყნებში და თავისუფალ სამყაროში. ამიტომ გვჭირდება ამ რეფორმის გატარება, რომელსაც ისინი გვეუბნებიან. იმათ კი არ სჭირდებათ, ჩვენ გვჭირდება, არანაირი ჩარევა ეს არ არის. მართლა „ოცნების“ იდიოტი ამომრჩეველი უნდა იყო, რომ ეგ ჭამო, რასაც მაგათ კალაძე ეუბნება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.