17-04-2024
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მუდმივ მდივანს, ესა ფულკინენს შეხვდა. მინისტრმა ფინეთის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის, თავდაცვის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. მოგვიანებით, ფინეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის დეტალები გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილეს.
ფინეთის დელეგაციის წევრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და უწყების შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები შეხვდნენ. მხარეებმა უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებისას ფინეთის მხარდაჭერას, სამხედრო განათლების კუთხით, ასევე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამომავლო ხედვებს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF), უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიანი პოლიტიკისა (CSDP) და თანამშრომლობის სხვა ფორმატებზე.