26-09-2018
ორგანიზაცია "მომავლის იმედის" დამფუძნებელს და მის ოჯახს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. საბუთებში, რომელიც თამარ ხაჭაპურიძემ ლონდონში წარადგინა, ერთ-ერთი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებაა. ხაჭაპურიძემ ბრიტანეთის საემიგრაციო სამსახურს უთხრა, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, გავლენების გამოყენებით ზეწოლას ახდენს პროკურატურაზე, რომელიც ხაჭაპურიძის შვილზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტს არ იძიებს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს თამარ ხაჭაპურიძე 13 წლის ბავშვის ცემასა და მოსამართლეზე ზეგავლენის მოხდენაში ადანაშაულებს. ფაქტს უკვე 2 წელია ხელვაჩაურის პროკურატურა იძიებს. 2016 წელს, გონიოში მომხდარ კონფლიქტში, ხაჭაპურიძე არასრულწლოვნის დაზარალებულად ცნობას ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ტუჩის არეში დაზიანება ექსპერტიზამაც დაადასტურა, ბავშვს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს.
გონიოს ინციდენტის გამოძიების პარალელურად, გიორგი მიქაუტაძემ სარჩელი თამარ ხაჭაპურიძის წინააღმდეგ, მუქარისა და სიცოცხლის ხელყოფის ბრალდებით შეიტანა. მოსამართლე ამტკიცებს, რომ ხაჭაპურიძე მას მოკვლით დაემუქრა. ამ ეპიზოდის განმხილველმა მოსამართლემ მიქაუტაძე დაზარალებულად სცნო. ბავშვის მშობლები კი, ხულიგნობის მუხლით გაამტყუნა და 6000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
არამოსამართლე წევრების მტკიცებით, გიორგი მიქაუტაძე საბჭოს მოსამართლე წევრებზე გავლენას ბოროტად ისევ იყენებს და საკუთარი კანდიდატურის უვადოდ გამწესებას გეგმავს.
არამოსამართლე წევრების პრეტენზიები გაუგებარია გიორგი მიქაუტაძესთვის. მისი განცხადებით, 4 წლით ადრე საკუთარ კარიერაზე ზრუნვა ლოგიკურია.
16-11-2024
16-11-2024