17-04-2024
უხეში მცდელობები, ჩაერიონ ჩვენს სუვერენიტეტში, მოითხოვონ აქ რევოლუცია და ა.შ. არის კიდევ ერთი მკაფიო დასტური იმისა, თუ რატომ არის საჭირო საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტარების მხრიდან რევოლუციაზე მოწოდებებს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, გარე ჩარევით საქართველოში რევოლუციას ვერავინ მოაწყობს და ამას არ დაუშვებს ხელისუფლება.
„თუ ვინმეს რევოლუცია მოუნდება ამ ქვეყანაში, თქვენ გახსოვთ, 2012 წელს პრაქტიკულად რევოლუციური არჩევნები ჩატარდა და ქართველი ხალხის მიერ შეიცვალა ხელისუფლება, მაგრამ რა თქმა უნდა, ვერავის გარე ჩარევით ვერავინ აქ რევოლუციას ვერ დაუშვებს და ვერც მოაწყობს. თუმცა ამისთვის ნაბიჯებიც არის გადასადგმელი და ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რასაც ეს კანონი ემსახურება, არის სწორედ ასეთი პროცესების თავიდან აცილება. ეს შესაბამისი ძალებისთვისაც დამზღვევია. შეიძლება, ვიღაცას ჰქონდეს ცდუნება, რომ საქართველოში სცადოს ვითარების არევა, მაგრამ გამჭვირვალე თუ იქნება უცხოური გავლენა, ამ შემთხვევაში ეს ცდუნება შემცირდება და ძალიან ბევრი თვალსაზრისით დადებით როლს შეასრულებს ეს კანონი,"- განაცხადა პრემიერმა.