21-04-2024
„პოლიტიკაში არსებობს დანაშაული და ასევე, მიუტევებელი დანაშაული. დღევანდელი ოპოზიციის ქმედება სწორედ რომ მიუტევებელი დანაშაულია. ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ფარად გამოიყენო მოტყუებული ახალგაზრდობა - ამაზე დიდი ღალატი არ არსებობს,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ აქციებს თეთრი დროშები მოუხდებოდა ლოზუნგით - „ჩვენ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს ვაბარებთ სხვას".
დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ახალგაზრდობას არა აქვს გააზრებული, თუ რა ანტისახელმწიფოებრივ საქმეს აკეთებინებენ აქციებში მონაწილეობით. მანვე აღნიშნა, რომ მათი მოტყუება ძალიან ადვილია ანტირუსული ლოზუნგებით.
„რამდენიმე დღეა ვუყურებთ რუსთაველზე აქციებს და გაოგნებული ვართ იმით, რომ თუკი წინათ ახალგაზრდობა საქართველოს თავისუფლებისათვის იბრძოდა, დღეს პირიქითაა, მათი ერთი ნაწილი ქვეყნის სუვერენული უფლებების აღიარებას აპროტესტებს. დაიცვა შენი სახელმწიფო უცხოური ფულით უცხო ქვეყნების ჩარევისგან, სხვა არაფერია, თუ არა შენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარება და განმტკიცება.
ამ აქციებს თეთრი დროშები მოუხდებოდა ლოზუნგით - “ჩვენ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს ვაბარებთ სხვას". გარდა იმ სამი ათასი ახალგაზრდისა, რომლებსაც შავი ფულით წლების მანძილზე რევოლუციისთვის ატრენინგებდნენ, დანარჩენ ახალგაზრდობას არა აქვს გააზრებული, თუ რა ანტისახელმწიფოებრივ საქმეს აკეთებინებენ აქციებში მონაწილეობით. მათი მოტყუება ძალიან ადვილია ანტირუსული ლოზუნგებით, მაგრამ სინამდვილეში ხომ ყველამ ვიცით, რას მალავენ ამ ლოზუნგის უკან?
პოლიტიკაში არსებობს დანაშაული და ასევე, მიუტევებელი დანაშაული. დღევანდელი ოპოზიციის ქმედება სწორედ რომ მიუტევებელი დანაშაულია.
ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ფარად გამოიყენო მოტყუებული ახალგაზრდობა - ამაზე დიდი ღალატი არ არსებობს. საბედნიეროდ, ეს საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილია, თუმცა, ის მცირედიც ჩვენი შვილებია, რომლებიც დასაღუპად არ გვემეტებიან.
რასაც ამ დღეებში ვხედავთ, მძიმე სანახავია. უცხოეთმა ანტიქართული განათლებით გაანადგურა ჩვენი ახალგაზრდობის ის ნაწილი, ვინც დღეს რუსთაველზე თეთრ ბაირაღებს აფრიალებს სხვა ქვეყნისთვის საქართველოს ჩაბარების მიზნით," - წერს დიმიტრი ხუნდაძე.