22-04-2024
„ეს არის, როდესაც უსამშობლო ადამიანი ხარ და შენი დამკვეთის მოთხოვნა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის, ვიდრე შენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები“, - ასე გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებას, რომ „დასავლეთი უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, თუნდაც სანქციების გამოყენებით, რათა დაიცვას დემოკრატია რეგიონში.“
როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ეკა გიგაურის ეს განცხადება მოწმობს იმას, რომ მისთვის სულ ერთია საქართველოს ინტერესები დაზიანდება თუ არა.
„პროექტის და არა ქვეყნის მოქალაქე - როდესაც შენ ხარ აგენტი, რომელიც უცხო ქვეყნის დაკვეთას ემსახურები, რა თქმა უნდა, სამშობლო არ გაქვს. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ შენი დამკვეთების ინტერესები გაატარო და ქვეყანა დაზიანდება თუ არა, არ გაწუხებს. სწორედ ეს არის ის, რასაც მთელი ორი წლის განმავლობაში ჩვენი ოპოზიცია და „ენჯეოები“ ამბობდნენ. ეს არის, როდესაც უსამშობლო ადამიანი ხარ და შენი დამკვეთის მოთხოვნა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის, ვიდრე შენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები. ეს არის ჩვეულებრივი აგენტის აღიარება, რომელიც ამბობს, რომ „დიახ, დასანქცირდეს ქვეყანა, დაზიანდეს ქართველი ხალხი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.