28-09-2018
საქართველოს პრეზიდენტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 6 900 ლარს შეადგენს, ხოლო მისი ადმინისტრაციის უფროსის – 6 250 ლარს – ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“(IDFI) მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველი მოადგილის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო – 5 770 ლარს შეადგენს, ხოლო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის – 5 440 ლარს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის – 5 410 ლარს, ხოლო დეპარტამენტის ხელმძღვანელის – 4 400 ლარს.
„საქართველოს პრეზიდენტზე განვლილ წლებში პრემიისა თუ სახელფასო დანამატის გაცემის შემთხვევა არ ფიქსირდება, ხოლო ახალი კანონის პირობებში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემა აიკრძალა, შესაბამისად, პრეზიდენტის ანაზღაურება ახალი კანონის პირობებში უცვლელი დარჩა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა თანამდებობის პირებისათვის შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონის მიღებამდე ყოველთვიურად განსაზღვრული იყო სახელფასო დანამატები და გარკვეული პერიოდულობით გაიცემოდა პრემიები. შესაბამისად, ახალი კანონის მიხედვით, პრემიებზე და დანამატებზე დაწესებული შეზღუდვების პირობებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამდებობის პირებზე 2017 წლის მდგომაროებით არსებული შრომის ანაზღაურების ოდენობის შენარჩუნება შესაძლებელი იყო ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების ზრდის ხარჯზე. 2018 წელს დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამდებობის პირების ყოველთვიური სარგოს ოდენობა განისაზღვრა წინა წელს მოქმედი ყოველთვიური სარგოსა და შესაბამის თანამდებობაზე დაწესებული ყოველთვიური სახელფასო დანამატის ჯამის ოდენობით.
მაგალითად, 2017 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ყოველთვიური სარგო შეადგენდა 3 540 ლარს, ხოლო ყოველთვიური სახელფასო დანამატი – 2710 ლარს. 2018 წლიდან მისი ყოველთვიური სარგო შეადგენს 6250 ლარს“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
16-11-2024
16-11-2024