28-09-2018
ახალციხეში, სოფელ კლდეში, „პაჯერო იოს“ მარკის ჯიპი 72 წლის კაცს დაეჯახა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
შემთხვევა სოფელ კლდეში 27 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან მძოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის ნაპირზე მდგარ კაცს დაეჯახა, რომელიც მაღაზიაში პურის საყიდლად მიდიოდა.
„მანქანა სოფლიდან ქალაქის მიმართულებით მოძრაობდა, გზაზე საქონელი გადადიოდა, იმათ ააცილა, გზის ნაპირზე საჭე ვერ დაიმორჩილა კაცს შეეჯახა, შემდეგ კი ხბოსაც დაარტყა. როგორც ჩვენ ვიცით მძღოლი ნასვამი არ იყო“, – აცხადებენ თვითმხილველები.
ადგილობრივების ინფორმაციით, 72 წლის კაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა: „მალე მოვიდა სასწრაფო, ჯერ ისევ ცოცხალი იყო, რომ წიყვანეს. დაახლოებით, საათნახევარში დაგვირეკეს საავადმყოფოდან, რომ გარდაიცვალაო“.
ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარიდან მალევე პოლიციამ ავტომანქანის მძღოლი, 33 წლის კაცი დააკავა.
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში „სამხრეთის კარბიჭეს“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 6-იდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ტარდება კომპლექსური ექსპერტიზები, რომლის შედეგების მიხედვით დადგინდება ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი და მძღოლი იმყოფებოდა თუ არა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.
16-11-2024
16-11-2024