2-05-2024
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გუშინ, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ აქცია დაფინანსებული და გარკვეული ძალების მიერ მართული იყო.
ქადაგიძისთვის მიუღებელია აქციის შეფასება, როგორც სპონტანურის. „გუშინ ვნახეთ თუ როგორ ექსტრემიზმთან გვაქვს საქმე,“ - აღნიშნა მან.
„იმის თქმა, რომ პარლამენტის წინ გუშინ გამართული აქცია სპონტანური იყო სასაცილოა. აქციის დაწყების მომენტიდან, დასრულებამდე პროცესი იყო მართული, ცეცხლის ანთებით, დროშების ფრიალით და შეძახილებით. ყველაფერი, რაც გუშინ აქციაზე მოხდა არის კანვასის მეთოდი, რომელიც ასევე ეფუძნება აკერმანის მეთოდებს - ხდება სახელმწიფოს გამოწვევა და კონფრონტაციის მუხტის გამოყენება. თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი აორგანიზებს აქციას, შემდეგ ორგანიზატორები ეცლებიან და ტოვებენ თითქოსდა მართულ ქაოსს. ყველაფერი ჩანს, ისე თითქოს ბუნებრივი პროცესია. ახალგაზრდები თუ შეძლებენ სამართალდამცველებთან კონფრონტაციას, ამის შემდეგ გამოჩნდებიან პოლიტიკოსები და ამბობენ ბავშვებს ხელს როგორ ურტყამთ! და სხვა. გუშინ ვნახეთ თუ როგორ ექსტრემიზმთან გვაქვს საქმე. ადამიანები ვინც იქ იყვნენ, დაწვავდნენ ყველაფერს და დაანგრევდნენ ქალაქს, ამის საშუალება თუ მიეცემოდათ.
30 წლის წინ სწორედ ამ მეთოდების გამოყენებით დატრიალდა საქართველოში ტრაგედია, მაშინაც პროცესები იყო მართული. გარედან დატრენინგებული, გადამზადებული ახალგაზრდები თითქოს ბუნებრივად ქმნიდნენ პროცესს და სწორედ მაშინ დაურიგეს თოფები, რომელიც შემდეგ ესროლეს ქვეყანას და დაანგრიეს.
გუშინ რომ იარაღი მიეცათ მათთვის, როგორ გგონიათ არ გამოიყენებდნენ. ეს ყველაფერი კეთდება „შავი ფულით“, არადა საზოგადოების გარკვეული ნაწილს აქვს კითხვა, სად არის ეს „შავი ფული“? საიდან მოგაქვთ ეს აბსურდი? სწორედ „შავი ფული“ იხარჯება ამ ყველაფერში. ხომ არ ჰგონია ვინმეს, რომ ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის ერთი და ორი ლარი დაიხარჯა? გუშინდელი აქცია იყო დაფინანსებული, მართული პროცესი,“ - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.