2-05-2024
„რეალურად ვითარება არის შემდეგი - ბრძოლაა სუვერენიტეტის შენარჩუნებას, მის მოძლიერებასა და ამ სუვერენიტეტის სადღაც გადამისამართებას შორის. რა თქმა უნდა, ქვეყანა არის ძლიერი, თუ მას რეალური სუვერენიტეტი აქვს,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ, როდესაც ქვეყანაში შექმნილი ვითარება შეაფასა.
დიმიტრი ხუნდაძემ კომენტარი გააკეთა ასევე ევროპარლამენტარების მხრიდან საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დაძაბულობის განმუხტვის ნაცვლად, ხშირად მათი განცხადებები დესტრუქციის გაღვივებას ემსახურება.
„შემაშფოთებელია, როდესაც ევროპარლამენტიდან ხშირად ფუნქციადაკარგული ლიდერები შეშფოთებულ განცხადებებს აგზავნიან საქართველოში და ამის საფუძველს თავად ქმნიან. როდესაც დღეს, ამ ვითარებაში ქუჩა არის გაცხელებული, იმის მაგივრად, რომ დამამშვიდებელი განცხადებები გააკეთონ, პირიქით, ვხედავთ, რომ მომიტინგეთა მხარდამჭერ მესიჯებს ავრცელებენ და ამ აგრესიული ჯგუფების გამოსვლას დემოკრატიის ხმას არქმევენ. ვხედავთ, რომ პოლიტიკური უმცირესობის მხარდამჭერი აგრესიული ახალგაზრდები შეტევას ახორციელებენ საკანონმდებლო ორგანოზე. ეს არის ცალსახად ძალადობრივი ფაქტები, როდესაც პოლიციას ეძებენ აგრესიისათვის და თავდასხმისათვის და შემდეგ კეთდება ამგვარი აგრესიული ჯგუფების მხარდამჭერი განცხადებები.
კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ მხოლოდ კანონის მიღება-არმიღებაში არ არის საქმე. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არის ქართული კანონი და ემსახურება სწორედ ქართული სახელმწიფოს ძლიერებას. ქართული რომაა და სწორედ ქვეყანას რომ ემსახურება, ამიტომაც ებრძვიან,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, საქართველოს აქვს რეალური შანსი იმის, რომ ჰქონდეს რეალური დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი და არა ის, რომ გარედან მიუთითონ როგორი კანონები მიიღოს.
„რეალურად ვითარება არის შემდეგი - ბრძოლაა სუვერენიტეტის შენარჩუნებას, მის მოძლიერებასა და მის სადღაც გადამისამართებას შორის. რა თქმა უნდა, ქვეყანა არის ძლიერი, თუ მას რეალური სუვერენიტეტი აქვს. ამის რეალური შანსი გვაქვს ჩვენ, რომ ქვეყანას ჰქონდეს რეალური დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი და არა ის, რაზეც მიდის დღეს ბრძოლა - საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოხდეს ქვეყნის შიგნით, თუ მის ფარგლებს გარეთ. როდესაც ვამბობ, რომ შეშფოთების საფუძველს თავად ქმნიან, ამის არაერთი მაგალითი ვიცით და არაერთი ქუჩაში მოწყობილი სცენა ვიცით. მაგალითად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისა თუ მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, ხშირად ქუჩის ფორმირებას ეწყობოდა ხელი. ასე მოხდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, როდესაც მის მოსაპოვებლად ვადა დაგვიწესეს. მაშინ ჩვენ ამას ხაფანგი დავარქვით და რეალურად ეს მართლაც ხაფანგი იყო - გამოიყვანეს ხალხი ქუჩაში სლოგანით: სურს თუ არა ევროპა საქართველოს. ეს კითხვა ქვეყანაში არ დგას, მაგრამ, მაშინ ჩვენ ვნახეთ სცენაზე ამხტარი არასამთავრობო სექტორი და ტექნიკური მთავრობის არჩევის მოთხოვნა. ეს არის დესტრუქციის გაღვივების ხელშეწყობა,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.