4-05-2024
აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა "ჯეიპი მორგან"-ის ვიცე-პრეზიდენტს დანიელ ზელიკოვს შეხვდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნულ ბანკსა და "ჯეიპი მორგან"-ს შორის მრავალწლიან თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე, როგორც საერთაშორისო რეზერვების მართვის, ისე ადგილობრივი ბაზრების განვითარების მიმართულებით.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა და გლობალური გამოწვევები.
როგორც შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, ისეთ მსხვილ საფინანსო ინსტიტუტთან თანამშრომლობა როგორიც "ჯეიპი მორგანია" მნიშვნელოვანია ქართული საფინანსო სისტემისთვის.
"ჯეიპი მორგანი" მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტია საინვესტიციო ბანკინგის, კომერციული ბანკინგის, ფინანსური ტრანზაქციების დამუშავებისა და აქტივების მართვის სფეროში. კომპანია მსხვილ ფინანსურ კორპორაციებსა და ფიზიკურ პირებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ემსახურება.