გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი პერმანენტული აქციების დაწყებას გეგმავს

30-09-2018

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებს. ამის შესახებ მსჯავრდებული დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.


დეკანოზის მხარდასაჭერად სხალთისა და ლაზეთის ეპისკოპოსის მეუფე დიმიტრის რეზიდენციასთან ოჯახის წევრები და მრევლი შეიკრიბა. აქციაზე შეკრებილების მოთხოვნაა, მეუფე დიმიტრიმ დუმილი დაარღვიოს და უკანონოდ დაკავებულ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ ყველა საიდუმულოს ფარდა ახადოს.


აქციის მონაწილეებს ეპარქიის პრესსპიკერი დეკანოზი იოანე გორელიშვილი შეხვდა. მისი თქმით, მეუფე დიმიტრი, რომელიც ამჟამად გერმანიაში იმყოფება, გაურკვევლობაშია, არ არის ბოლომდე დარწმუნებული დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობაში. ამასთან, მისივე თქმით, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნითაც მიმართა.


„მეუფე დიმიტრი არ იმყოფება საქართველოში. ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რომ მან ყველაფერი გააკეთა. პრეზიდენტსაც მიმართა შეწყალების თხოვნით, თუმცა ამაზე პასუხი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა გასცეს. მეუფე გაურკვევლობაშია, არ არის ბოლომდე დარწმუნებული მამალაძის უდანაშაულობაში“, – განაცხადა დეკანოზმა.


გორელიშვილის განცხადებებს მამალაძის ოჯახის წევრების მხრიდან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. დეკანოზის ოჯახის წევრებმა მეუფე საკუთარი თავის პიარსა და უდანაშაულო მღვდლისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს.


დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, მეუფე დიმიტრისგან დუმილის დარღვევას ითხოვენ.


„არაფერი გააკეთა მეუფემ, რატომ დუმს, მან ხომ ყველაზე კარგად იცის, რა მოხდა და თუ გინდათ, გეტყვით რატომ დუმს. მას ეშინია ვიღაცების და ჩამოგითვლით ვისი ეშინია. გავაგრძელოთ საუბარი ამ მიმართულებით? მეუფე იაკობმა ორი კვირით ადრე იცოდა ყველაფერი“, – მიმართა დეკანოზ იოანეს თორნიკე მამალაძემ.


აქცია ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის რეზიდენციასთან დასრულდა.


დეკანოზ იოანე გორელიშვილის თქმით, მეუფე დიმიტრი საქართველოში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად შეხვდება დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს. ოჯახის წევრების განცხადებით, შეხვედრებს აზრი აღარ აქვს. მათი თქმით, საპროტესტო აქციებს პერმანენტულად გამართავენ.


როგორც თორნიკე მამალაძემ განაცხადა, დღეს თბილისში, ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდება და სამომავლო გეგმების შესახებ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930