2-10-2018
ამერიკული გამოცემა, «Еurasianet»-ი სტატიას აქვეყნებს, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ დანაღმულ ველს შეეხება.
გამოცემის თანახმად, ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია HALO Trust, რომელიც მთელ მსოფლიოში არის ცნობილი თავისი წარმატებული მუშაობით განნაღმვის სფეროში, 2005 წლიდან ცდილობს საქართველოს ხელისუფლებიდან ნებართვის მიღებას დანაღმული მინდვრის განსანაღმავად. HALO Trust-მა ამ პროექტისათვის უკვე შეაგროვა სამი მილიონი დოლარი, მაგრამ, "როგორც ჩანს, განნაღმვა არც საქართველოს არ აწყობს და არც აზერბაიჯანს."
აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ეს ტერიტორია მეზობელ სომხეთთან მთიანი ყარაბაღის გამო მიმდინარე გაგანია ომის დროს დანაღმეს. იმ პერიოდში საქართველოს არაქმედითუნარიანი მთავრობა ჰყავდა, ქვეყნის მნიშვნელოვან ტერიტორიას კი სხვადასხვა ჯურის შეიარაღებული ფორმირებები აკონტროლებდნენ. შესაბამისად, ბაქოში შიშობდნენ, რომ ვაითუ სომხეთმა უმართავი საქართველოდან ახალი ფრონტი გახსნას და აზერბაიჯანზე შეტევისათვის პლაცდარმად გამოიყენოსო. ყარაბაღის ომი ზავით 1994 წელს დასრულდა. აზერბაიჯანმა თავისი მიმდებარე ტერიტორიის განნაღმვა ჯერ კიდევ 2016 წელს დაასრულა, ქართული კი დღემდე დანაღმული რჩება.
დანაღმული ველის ფართობი 2,2 კვ.კილომეტრია. HALO Trustის შეფასებით, მისი განნაღმვას სამი წელი დაჭირდება და ამ მიზნით დაახლოებით 3 მილიონი დოლარი დაიხარჯება.
თუმცა, აზერბაიჯანი ამ საკითხში გარედან ჩარევას ვერ ითმენს და განნაღმვის წინადადებებს მტრულად ეკიდება. 2015 წლის აგვისტოში მას შემდეგ, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ HALO Trust-ს დანაღმული მინდვრის შემოწმების ნება მისცა, იქ იმ წუთშივე აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეები მივიდნენ და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შემოწმების შეწყვეტა მოსთხოვეს - მიუხედავად იმისა, HALO Trustის ჯგუფს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებიც თან ახლდნენ.
HALO Trust-ის წარმომადგენლების თქმით, როცა ისინი დანაღმულ ველს საზღვრიდან 50 მეტრზე მიუახლოვდნენ, აზერბაიჯანელებმა იარაღი საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს: აამუშავეს ტანკები და მძიმე არტილერია პოზიციებზე დააყენეს. ამ ინციდენტის შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასაზღვრო ზონაში ყველანაირი სამუშაოები შეაჩერა. თავის მხრივ, აზერბაიჯანი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ფაქტები ყალბია და ისინი სინამდვილეს არ შეესაბამებიან.